დღეს დაიწყო სუვერენული ერების ალიანსის კონფერენცია, რომელიც გახსნა წარმომადგენლობითი პალატის სპიკერმა, ბატონმა მაიკლ ჯონსონმა, – ამის შესახებ აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
სამხარაძის თქმით, ენერგეტიკული დამოუკიდებლობის პანელზე საქართველოს სახელით სიტყვით გამოვიდა.
„მაიკლ ჯონსონმა ისაუბრა იმ ღირებულებებზე, რომლებიც ახალ ადმინისტრაციას აქვს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საგარეო პოლიტიკაში. მქონდა შესაძლებლობა, რომ გამოვსულიყავი ჩვენი ქვეყნის სახელით ენერგეტიკული დამოუკიდებლობის პანელზე, სადაც ვისაუბრე საქართველოს ენერგეტიკულ პოლიტიკაზე, მათ შორის ჩვენს ძალიან მნიშვნელოვან სატრანზიტო როლზე. თუმცა, ამის გარდა, მქონდა შესაძლებლობა, რომ პოლიტიკური შეფასებები მიგვეცა მიმდინარე მოვლენებისთვის. აქ მე ვისაუბრე საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაზე, განსაკუთრებით ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. მათ შორის, არჩევნებში ჩარევაზე. მოგეხსენებათ, ახალი ადმინისტრაცია საკმაოდ მკაცრად გმობს ასეთ ქმედებებს. გვქონდა ასევე საუბარი უცხოური დაფინანსების გამჭირვალობის საკითხებზე.
აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს პანელი. ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ დაახლოებით 50-მდე ქვეყნის წარმომადგენლისთვის, მათ შორის დეპუტატებისთვის, მთავრობის წარმომადგენლებისთვის და ჟურნალისტებისთვის მიგვეცა ინფორმაცია იმაზე, თუ რა ხდებოდა აქამდე საქართველოში; ასევე, დღევანდელი ვითარების შესახებ. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ენერგოდამოუკიდებლობის საკითხზე“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მან აშშ-ში ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ მაღალი თანამდებობის წარმომადგენლებთან მიეცათ საშუალება, ესაუბრათ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღებაზე.
„ზოგადად, ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, შეხვედრები გაგვემართა როგორც კონგრესში, ასევე გვესაუბრა აღმასრულებელი ხელისუფლების საკმაოდ მაღალი თანამდებობის წარმომადგენლებთან ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღებაზე, მის გაუმჯობესებაზე და იმ შეხების წერტილების პოვნაზე, რომლებიც ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას, ახალი სტრატეგიული პარტნიორობა დავიწყოთ ურთიერთსასარგებლო თემატიკით. ამიტომ, ამ მხრივ, რა თქმა უნდა, შემიძლია, მნიშვნელოვანი და პოზიტიური შეფასება მივცე ვიზიტს, თუმცა ეს არის სამუშაო პროცესი. რა თქმა უნდა, ყველაფერი ერთი ვიზიტით არ აღმოიფხვრება და არ გამოსწორდება, ამიტომ ჩვენ საკმაოდ დიდი ოპტიმიზმით ველოდებით მომდევნო ნაბიჯებს და მიგვაჩნია, რომ ეს ვიზიტი იქნება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.









