ოპოზიციის წარმომადგენლებს არანაირი ზრუნვა ხალხზე არ ამოძრავებთ, იმიტომ რომ არ შეიძლება, საკრებულოში ამდენი ხანი იყო და ვერ არკვევდე, რომ  თბილისის აეროპორტი არ არის თბილისის მერიის ორგანიზაცია, რომელიც უნდა ფიქრობდეს მის გადახურვაზე, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ კახეთელიძემ განაცხადა.

„მინდა ვუპასუხო იმ პოლიტიკურ პარტიის წარმომადგენლებს, რომლებიც სტიქიის შემდეგ აკეთებენ რაღაც სახის განმარტებებს და გამოთქვამენ პროტესტს. მინდა გითხრათ, რომ საკრებულოში ჩემი ყოფნის განმავლობაში (მეორე მოწვევაა ჩემთვის საკრებულოში ყოფნის), არასდროს მახსოვს რომელიმე მათგანს კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, კონკრეტული წინადადება შემოეტანოს. თვითონაც ვერ გაიხსენებენ ასეთ მაგალითს. ამიტომ, ეს საკითხი არის მათთვის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ქულების დაწერის ასპარეზი. არანაირი ზრუნვა ხალხზე მათ არ ამოძრავებთ, იმიტომ რომ არ შეიძლება, საკრებულოში ამდენი ხანი იყო და ვერ არკვევდე, რომ  თბილისის აეროპორტი არ არის თბილისის მერიის ორგანიზაცია, რომელიც უნდა ფიქრობდეს მის გადახურვაზე. თბილისის შემოსასვლელში რომ რაღაც ჩაოინგრევა - კლდე, მთა თუ მიწის გრუნტი იცვლის თავის მდგომარეობას, ის არ არის თბილისის ადმინისტრაციული ერთეული, მაგრამ ამაზე მაინც მიდის საუბარი, იმიტომ რომ რაღაც ქულა ხომ უნდა დაიწერონ.

რას ნიშნავს - ვერ გაატარა სანიაღვრე ქსელმა, ამაზე  როგორც ინჟინერი ვსაუბრობ, სანიაღვრე ქსელი ვერ გაატარა ნიშნავს იმას, რომ წყლის რაოდენობა, რომელიც მოვიდა, ის წყლის რაოდენობა ახლაც უნდა იყოს. ვერ გაატარა - ამას ნიშნავს. უბრალოდ, როცა ნალექის რაოდენობა იწევს ზემოთ და ის მოცულობები, რომლებიც არის, საპროექტო მოცემულობები, საპროექტო დაქსელვები, რაც გაკეთდა  და რაც შეესაბამება შესაბამის ნორმებს, ბუნებრივია, როცა რაღაცა იწევს, ვერ ატარებს და ეს ხდება ყველგან. თუ გადავხედავთ სოციალურ ქსელებს, სულ რამდენიმე დღის წინ დატბორილი ბერლინის მეტრო ანახეს. ასევე  ნიუ-იორკში თითქმის ყველა მიწისქვეშა გადასასვლელი დაიტბორა, გაუმართავია იქაც? ამ ქალაქებს ჩვენი ქვეყნის ხელა ბიუჯეტი აქვთ და ზოგს გაცილებით დიდი, მაგრამ ვერ ახერხებენ ამას, იმიტომ რომ სტიქიაა. 

იმაზე საუბარი, რომ თბილისში ყველა პრობლემა მოგვარებულია, არასწორია, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი პრობლემაა ქალაქში. ეს პრობლემები ამ ქალაქს ათწლეულებია მოჰყვება და არცერთი ქუჩის დაგება და რეაბილიტაცია არ ხდება მანამ სანამ არ გამოიცვლება ეს კომუნიკაციები. რაც მხოლოდ ჩვენი მმართველობის პერიოდში ხდებოდა. აუცილებლად, გარკვეულწილად გასაზრდელია კომუნიკაციების ექსპლუატაციის ხარჯი და იმედი მაქვს, რომ თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები ამას გააკეთებენ აუცილებლად და ვიცი ამაზე ფიქრობენ კიდევაც. ეს საკითხი ნამდვილად მოსაგვარებელი გვაქვს“, - განაცხადა ნიკოლოზ კახეთელიძემ.