თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე, ნიკოლოზ კახეთელიძე, საკრებულოს სხდომაზე გაჟღერებულ განცხადებებს  გამოეხმაურა.

„მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის კუთხით წონაში კლების გარდა პრობლემა არ აქვს. კლებას იწვევს საკვების არ მიღება და  თუ შიმშილობს , მაშინ უნდა ითქვას, რა მიზნით, აკეთებს ამას“,- განაცხადა ნიკოლოზ კახეთელიძემ.

მანვე,  ოპონენტებს მოუწოდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მცდარი დასკვნების გაკეთებისგან თავი შეიკავონ.

ნიკოლოზ კახეთელიძემ  ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამასთან  დაკავშირებითაც ისაუბრა.

მისი თქმით, აღნიშნული პროგრამა საუკეთესო გზაა ქალაქის ავარიული ფონდის რეაბილიტაციისთვის.

„ბევრ განვითარებულ ქვეყანას  არ აქვს  საშუალება, რომ 12 000 სახლს, მათ შორის,  ისტორიულ ნაწილში  გაუკეთდეს რეაბილიტაცია,“-აღნიშნა ნიკოლოზ კახეთელიძემ.

როგორც საკრებულოს წევრმა განაცხადა, ოჯახები, რომლებიც ავარიულ სახლებში ცხოვრობენ, მიიღებენ უკეთეს ბინებს .

საკრებულოს წევრი კომპანიის „ჯი ვი პი“ საკითხს გამოეხმაურა და ინიციატივა გააჟღერა.

„ჩვენ არ გვაქვს არანაირი ბერკეტი , რომ მონიტორინგი გავუწიოთ „ჯი ვი პის“ ფინანსურ ან საინჟინრო მუშაობას. წინადადებით  შემოვდივარ , რომ ესპანელი ინვესტორის გარდა, მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლები  მოვიწვიოთ და მოგვცენ განმარტება ამ კომპანიის მუშაობასთან დაკავშირებით,“- განაცხადა ნიკოლოზ კახეთელიძემ.

თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე, საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ კახეთელიძემ, დედაქალაქის მერის მიმართებით გაკეთებულ კომენტარებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ოპონენტებს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ და კახა კალაძის მიერ ნათქვამ ფრაზებს  კონტექსტიდან ამოგლეჯილად ავრცელებენ.

მისივე თქმით, დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელება და მოქალაქეების  შეცდომაში შეყვანა ყოვლად დაუშვებელია.