მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება თქვენ ხართ ხისტი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ რამეში შეიძლება არ გეთანხმებით, ფაქტია, რომ თქვენ ხართ ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და ხართ გონიერი ადამიანი - ამის შესახებ, დამოუკიდებელმა პოლიტიკოსმა ნიკა ობოლაძემ "რუსთავი 2-ის" გადაცემა დებატებში განაცხადა.
"დღევანდელ ეთერშიც გამოჩნდა, რომ ძალიან პოლარიზებული საზოგადოება ვართ, გვიჭირს ერთმანეთთან საუბარი და გაგება. კრიტიკულ არხებზეც როცა დავდივარ, მთელი გულწრფელობით მინდა, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი, რომელიც საქართველოში არსებობს, გადაწყდეს. მე არ მინდა და არ ვარ მომხრე ბოლომდე ერთმანეთთან დაპირისპირების. არ მგონია, რომ რაღაც საკითხებში "ქართულ ოცნებას" არგუმენტები არ აქვს, ან არ მგონია, რომ მხარდამჭერები არ ჰყავს. ისევე როგორც არ მგონია, რომ ხელისუფლებამ რაც არ უნდა რეპრესიები განახორციელოს ოპოზიციაზე და ეს ხალხი ციხეში გაუშვას, ის მილიონი ადამიანი, ვინც კრიტიკულად არის ხელისუფლებისადმი განწყობილი უბრალოდ გაქრება. მე არ ვაკრიტიკებ ამის გამო, მაგრამ "ქართული ოცნება" ჟენევაში ელაპარაკებოდა რუსეთს, საქმე ითხოვდა და ელაპარაკებოდა. ზოგადად, როდესაც რაღაც განცდა ჩნდება საზოგადოებაში, რომ იქნებ პოლიტიკური კრიზისი გადაიჭრას, ხომ იცით, რომ არსებობენ ციხეში ადამიანები, ვისზეც პოლიტიკური კონსენსუსი ვერ შედგება, რომ აუცილებლად უნდა იყვნენ.
ჩემს პირად აზრს ვეტყვი პრემიერს: მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება თქვენ ხართ ხისტი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ რამეში შეიძლება არ გეთანხმებით, ფაქტია, რომ თქვენ ხართ ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და ხართ გონიერი ადამიანი. თქვენ ვერ შეძლებთ ისე, რომ საბოლოო ჯამში, მართლა ბოლომდე გახვიდეთ, ყველა დაიჭიროთ - ამ სიხისტით სამშობლო და ქვეყანა ვერ მოიგებს. ამ დაპირისპირებაში, სადაც დღეს ვცხოვრობთ, ვხედავ, რომ ვერც ოპოზიცია იგებს, ვერც იმას ვხედავ, რომ ხელისუფლება იგებს ამით. მე არც პატიმრები მინდა იყვნენ ციხეში, არც აქციები და სანქციები მომწონს. თქვენ ხართ პრემიერ-მინისტრი და იქნებ დაფიქრდეთ - თუ ჟენევაში ელაპარაკებით რუსეთს, იმიტომ, რომ ქვეყანა და საქმე მოითხოვს ამას, ასე ხელაღებით იმის თქმა, რომ ოპოზიციას არ ველაპარაკები, ყველაფერს ნუ გადაწევთ გვერდზე და {იქნებ} ამ პოლიტიკური კრიზისის დასასრული დაინახოთ იმით, რომ ამ ქვეყანაში დამყარდეს სამოქალაქო მშვიდობა," - აცხადებს ნიკა ობოლაძე.








