დღეს, 5 ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ გადადგმულმა მსუბუქად რომ ვთქვათ უპასუხისმგებლო, უპრინციპო და არათანმიმდევრულმა ნაბიჯმა, კიდევ ერთხელ გვაჩვენა თუ რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს პრინციპებისა და პოზიციების სიცხადის ნაკლებობამ. - ამის შესახებ "ნაცმოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.
"როდესაც რეჟიმი რუსულია, პარლამენტი რუსულ კანონს იღებს, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი კი ვიცესპიკერის სკამისკენ მიილტვის, ბუნებრივია იშლება მოქმედების ყველა ზღვარი და ყველა "ლაგდება" სადაც და როგორც უნდა. არცერთ იმ ადამიანს, რომელმაც დღეს დაარღვია ოპოზიციური ერთობა, აღარ აქვს მორალური უფლება ერქვას ოპოზიციონერი დეპუტატი და პარლამენტში წარმოადგენდეს ქართველი ხალხის ოპოზიციურად განწყობილ ნაწილს" - წერს ნიკა მელია.
საპარლამენტო ოპოზიცია შეთანხმებული იყო, რომ მხარს არ დაუჭერდნენ საბჭოს კანდიდატებს, თუმცა ხუთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამ კანდიდატს. რის გამო ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი დატოვა.