რაც დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ძალა ერთობაში კი არა, ძალა სიმართლეშია - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ხშირად საუბრობენ, რომ ძალა ერთობაშია, კი ნამდვილად, ძალა ერთობაშია, მაგრამ რაც დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ძალა ერთობაში კი არა, ძალა არის სიმართლეში, ძალა არის ღირსებაში, უკომპრომისობაში და პრინციპულობაში და ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ასე ფიქრობს. მე არ მგონია, არასწორი აღქმები დამრჩენოდა, იმიტომ რომ დღე არ გამომიტოვებია, რომ მათთან არ მესაუბრა, როგორც პოლიტიკოსი ნიკა მელია. დღეს სამწუხაროდ „ქართული ოცნება“ დაშორებულია ხალხს და არ ასახავს მათ ინტერესს. სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ მათ შორის ოპოზიციაშიც, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ძნელად მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც ასახავენ, ან სურვილი აქვთ, რომ ასახონ ხალხის ინტერესი. ეს არის ჩემთვის ამოსავალი წერტილი“,- განაცხადა ნიკა მელიამ.