დიდი პოლიტიკური ცვლილებები აუცილებლად დადგება ჯერ ენმ-ში, შემდეგ ქვეყანაში - ამის შესახებ ნაცმოძრაობის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ზუგდიდში, პარტიის წევრებთან შეხვედრამდე, ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ის საარჩევნო პროცესი, რომელიც დაიწყო, რბილად რომ ვთქვათ, დაიწყო აბსოლუტურად უადგილოდ, მიუღებელი ფორმებით და საერთო პოლიტიკური საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის ზიანის მიყენებით. მიუხედავად ამ ყველაფრისა, სულ რამდენიმე დღეში არჩევნები ჩატარდება პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში". დიდი პოლიტიკური ცვლილებები აუცილებლად დადგება ამ ქვეყანაში, თუმცა, დიდი პოლიტიკური ცვლილებები ჯერ პარტიაში დადგება", განაცხადა ნიკა მელიამ.
მელიას კომენტარი არ გაუკეთებია კითხვაზე, თუ რატომ არ დაესწრო ზუგდიდის პარტიის თავმჯდომარე ანი წითლიძე მის მხარდასაჭერ ბრიფინგს საკრებულოს დეპუტატებთან ერთად და რატომ გამოუცხადა მხარდაჭერა ხაბეიშვილს პოლიტსაბჭოს წევრმა, ლევან კონჯარიამ.
შეგახსენებთ, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის არჩევნები 2023 წლის 28-29 იანვარს ჩატარდება. თავმჯდომარეობისთვის 4 კანდიდატი იბრძვის - ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე.