26 მაისი ისტორიული მნიშვნელობის დღეა, რომელსაც ამჟამინდელმა ვითარებამ ახალი და დამატებითი ფუნქცია შესძინა, ჩვენ კი დაგვაკისრა ვალდებულება, ვიბრძოლოთ დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის, რადგანაც ქვეყნის სუვერენიტეტს და მის მისწრაფებას განვითარებული მსოფლიოსკენ კვლავაც არყევს რეჟიმის ანტიქართული პოლიტიკა, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

ნიკა მელიას თქმით, პოლიტიკური ბუნდოვანების დრო დასრულდა.

„დადგა დრო, რომ პოლიტიკური ორაზროვნება დასრულდეს და პოლიტიკური მკაფიოობის დრო დადგა. დადგა დრო, ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის. კერძოდ, რას ვაკეთებთ, შევდივართ თუ არა ფარსში სახელად, ადგილობრივი არჩევნები. უნდა გაეცეს პასუხი ძალიან მკაფიოდ. ჩემი პასუხი მათ, ვინც ამ ეტაპზეც, ჯერაც, ამ კითხვაზე პასუხს არ ან ვერ სცემს. თუმცა, ვიმედოვნებ, რომ საბოლოო ჯამში ყველას გვეყოფა კეთილგონიერება, კეთილსინდისიერებაც და პოლიტიკური ალღოც. ჩემი პასუხი ყველა ასეთ სუბიექტს. მე არასდროს მითქვამს უარი არჩევნებზე, არჩევნები გააუქმა „ქართულმა ოცნებამ“ და შენ ვერ შეხვალ იქ, რაც არ არსებობს, იქ შესვლით არარსებულის ლეგიტიმაციაა და არა უბრალოდ, თუნდაც ძალიან ცუდი ხარისხით ჩატარებული არჩევნები. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ეტაპზე ამ კონკრეტულ კითხვას პასუხი გაეცეს, ვინაიდან გაყალბებული არჩევნების შემდეგ, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ გადაწყვიტეთ და შევედით ბოიკოტში, ამით ხალხი დარწმუნდა, რომ ბრძოლა ღირს ბოლომდე. ეს ბრძოლა მიმდინარეობს, პროტესტი ურყევია, ქვეყანას 50-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს, ახლა ეს ხალხი გვთხოვს, სულ მცირე, გვეკითხება, რას ვაპირებთ ამ თვალსაზრისით“, – განაცხადა მელიამ.

ნიკა მელიას განცხადებით, საზოგადოების კითხვებს პასუხები უნდა გაეცეს, რადგან ორაზროვნება და ბუნდოვანება წინააღმდეგობრივ მოძრაობას ძალიან ასუსტებს.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 26 მაისი არ დაემსგავსება 31 მარტს. ძალიან მჯერა, რომ არათავსებადია ერთმანეთთან, იყო უკომპრომისო ბრძოლაში და ამავე დროს, სერიოზულად განიხილავდე უკვე ოთხი თვით ადრე ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შესვლას. აქა-იქ ისმის კითხვა, რა არის ბოიკოტის შემდეგ გეგმა. პასუხი არის, რომ არათუ რა არის გეგმა ბოიკოტის შემდეგ, არამედ თავად ბოიკოტი არის გეგმა, თავად ქვეყნის შიგნით რეჟიმთან პოლიტიკური ართანამშრომლობა არის გეგმა, პოლიტიკური საერთაშორისო იზოლაციის გაღრმავება, გაძლიერება, გაფართოება არის გეგმა. საზოგადოება, სულ მცირე, იმსახურებს ყველა პოლიტიკური სუბიექტისგან ყოველგვარი თავდასხმის გარეშე მკაფიო პასუხს, თუნდაც, გულწრფელად ვთქვათ, დიახაც, გვინდა შესვლა ამ ტიპის არარსებულ არჩევნებში, მაგრამ ესეც პასუხია. ორაზროვნება და ბუნდოვანება წინააღმდეგობრივ მოძრაობას ძალიან ასუსტებს. 26 მაისს ყველას ვთხოვდი, რაც შეიძლება ბევრნი ვიყოთ რუსთაველის გამზირზე, მაგრამ ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, რომ 31 მარტის მსგავსად ეს შეკრება არ დასრულდება და მკაფიო პასუხები იქნება გაცემული“, – განაცხადა ნიკა მელიამ.