არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ სხვა პლატფორმიდან მოგვიწიოს ბრძოლა, მაგრამ ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი და არც 20 და 30 ადამიანის გადასაწყვეტი. ვთანხმდებით, რომ ერთ ორბიტაზე საერთო მიზნის გარშემო აუცილებლად ვიქნებით - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ ტვ "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა.
„უამრავ ადამიანთან გვაქვს კონსულტაციები, შეხვედრები. 7 ოქტომბერს, ორ საათზე თბილისში ვიკრიბებით თანამოაზრეები მთელი ქვეყნიდან და ვიმსჯელებთ მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ეს არ ნიშნავს, რომ იმ დღეს ჩვენ რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებთ. ორი ბირთვი დღეს არის ერთმანეთისგან დაშორიშორებული. არ ვაპირებ, გამუდმებით ვილაპარაკო ვანო მერაბიშვილსა და დავით კეზერაშვილზე, საკმარისად ვილაპარაკეთ ერთმანეთზე არცთუ ისე პოზიტიურ კონტექსტში. მიზანი და ამოცანა არის სულ სხვა, მაგრამ წყვილი ბედნიერი როცა არ არის, შესაძლოა, განშორება სჯობდეს, რადგან შეუძლებელია, ოჯახში იყო და გამუდმებით ჩხუბობდე. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ სხვა პლატფორმიდან მოგვიწიოს ბრძოლა, მაგრამ ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი და არც 20 და 30 ადამიანის გადასაწყვეტი. ვთანხმდებით, რომ ერთ ორბიტაზე საერთო მიზნის გარშემო აუცილებლად ვიქნებით. თუ რამე იოტისოდენა შანსი არის, მე ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ამის კაპიტალიზება მოხერხდეს. ამიტომაც არ ვჩქარობდი მთელი რვა თვის განმავლობაში, თუმცა ვატყობ, რომ კრიზისი არათუ ნელდება, არამედ ღრმავდება. არჩევნებში როცა შედიხარ, მოტივირებული ხალხი გჭირდება გუნდში. არ შეიძლება, უნდობლობა გქონდეს ერთმანეთის მიმართ. როცა ორთაბრძოლაში ხარ მოწინააღმდეგესთან, რომელსაც ამ ქვეყნის ინტერესი არ აქვს, მინდა, დარწმუნებული ვიყო, რომ არ ველოდო ზურგიდან დანას და არც ის ელოდოს. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება, ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათ და მშვიდობიანად, ღირსეულად დავშორდეთ. თუ სადმე ჩვენი გზები მომავალში გადაიკვეთება და ალბათ გადაიკვეთება საგნობრივად მაინც, კი ბატონო, თუ არადა, უახლოეს პერიოდში კონსენსუსის საფუძველზე ადეკვატურ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.