საკონსტიტუციო სარჩელი არის ისტორიული დოკუმენტი, როგორ უნდა უღალატო სამშობლოს, ასეთია „ქართული ოცნების“ მიერ საკუთარ თავზე დაწერილი განაჩენი, – ამის შესახებ კოალიციის „ცვლილებებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ბათუმში განაცხადა, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა უნდა დაიწყოს.

ნიკა გვარამიას თქმით, აღნიშნული სარჩელი და მისი შედეგები ქვეყანას ჩიხში შეიყვანს.

„მე ზოგადად არ ვარ მომხრე პარტიების გაუქმების და ამ კონტროლის ფორმის, მაგრამ თუ რამე საქართველოს კონსტიტუციით შეიძლება, ჩაითვალოს პარტიის გაუქმების და ცალკეულ პირებზე პასუხისმგებლობის დაყენების წინაპირობად, ეს არის ის სავარაუდო შედეგები, რომელიც ამ სარჩელის დაკმაყოფილებას მოჰყვება. ამას მხოლოდ გვარამიას, მელიას, ხოშტარიას, სააკაშვილის, ჯაფარიძის ან ვინმეს ციხეში გაშვება კი არ მოჰყვება, ჩვენ გამოვალთ იმ ციხიდან, მაგრამ იმ ჩიხიდან, რომელშიც ამ სარჩელის დაკმაყოფილება საქართველოს შეიყვანს, შეიძლება, ვეღარ გამოვიდეს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის არსებით განხილვას იწყებს.