საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი გააძევეს.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის რევაზ ნადარაიას თქმით, ნიკა გვარამია სასამართლოსგან მუდმივად იღებდა შენიშვნას წესრიგის დარღვევისთვის, რაც, მისივე განმარტებით, გამოიხატებოდა ადგილიდან წამოძახებებითა და სასამართლოს თანხმობის გარეშე, მოსარჩელე მხარის სიტყვით გამოსვლის დროს განცხადებების გაკეთებით. რევაზ ნადარაიას თქმით, ეს ყველაფერი ხელის შემშლელია სასამართლოსთვის.

„საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანული კანონის 32-ე მუხლის თანახმად, გაძევებული ბრძანდებით, ბატონო ნიკა. გაძევებული ბრძანდებით და რას ნიშნავს გაძევება 32-ე მუხლში წაიკითხეთ,“ - მიმართა რევაზ ნადარაიამ ნიკა გვარამიას.

ნიკა გვარამიას გაძევებასთან დაკავშირებით მაია კოპალეიშვილმა აღნიშნა, რომ ეს იყო მიზანმიმართული ქმედება და „ოცნების“ დავალება, რაც გააკეთა სასამართლომ.

რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილს მიმართა, რომ თავი შეეკავებინა სასამართლოს კრიტიკისა და შეურაცხყოფისგან.

„შეურაცხყოფაა, როდესაც ამბობთ, თითქოს მე დავალება მივიღე, რომ ბატონი გვარამია გამეძევებინა. თქვენ უკვე ორი დღეა მიზანმიმართულად მიდიხართ იქითკენ, რომ მე გაგაძევოთ დარბაზიდან. მიჩნდება ეჭვი, შეკითხვებს ხომ არ გაურბიხართ? შეურაცხყოფა მიაყენეთ სასამართლოს, რომ მიიღო ვიღაცისგან დავალება გვარამიას გაძევებაზე“, - მიმართა რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილს.

სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის რევაზ ნადარაიას განცხადებით, ისინი გაძევებული იქნებიან სხდომის დასრულებამდე, თუ სასამართლო არ დააკმაყოფილებს მათი დაბრუნების შესახებ შუამდგომლობას.