ჩემი აზრით, „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება არასწორია ყველა თვალსაზრისით, განსაკუთრებით დროის და კონტექსტის, მით უმეტეს პარტიების აკრძალვის რაკურსში, – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავად გადაწყვიტა, ალიანსი დაეტოვებინა.
„არავის არაფერი არ მოუწია, არავინ არსაიდან გაურიცხავთ, მათ დიდი ხანია, გადაწყვიტეს, რომ ალიანსიდან უნდა წასულიყვნენ, მერე გააკეთეს ეს განცხადება. ჩვენ ვერავის ვაიძულებთ, რომ სადღაც იყვნენ და რამე დაიცვან. ეს არის ყველას პირადი გადაწყვეტილება, იყოს წევრი და იმოქმედოს წესების შესაბამისად. სამწუხაროდ ასეთი არის გადაწყვეტილება, ჩემი აზრით, არასწორი ყველა თვალსაზრისით, განსაკუთრებით დროის და კონტექსტის, მით უმეტეს პარტიების აკრძალვის რაკურსში. თუმცა, ეს მათი გადაწყვეტილებაა, ჩვენ ვერაფერს ვერ ვიზამთ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ცნობისთვის, ოპოზიციის ალიანსმა საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ახალი ფოტო გააზიარა, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობის“ ლოგო დატანილი აღარ არის. ამასთან, ამ თემაზე პოსტი გამოაქვეყნა „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმაც.
„ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა, ვინც წესებს დაიცავს“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რომ ალიანსიდან „ნაციონალური მოძრაობას“გამორიცხვას და გამოსვლას შორის განსხვავებას მნიშვნელობა არ აქვს და პარტია დიდი ხანია, მონაწილეობას არ იღებდა ალიანსის აქტივობებში.








