“ქართული ოცნება” ისეთ ნაბიჯებს დგამს, არჩევნების გაყალბების კომპლექსური პროცესი მიდის უკვე. არჩევნები არ ყალბდება არჩევნების დღეს, მითუმეტეს ასეთი ხელისუფლების პირობებში, - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა "პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა.
“არჩევნებამდე დარჩენილია რამდენიმე კვირა და ჩვენ უკვე გვესმის ძალიან მწვავე განცხადებები საერთაშორისო პარტნიორებისგან, მითუმეტეს, ეს არის სადამკვირვებლო ფუნქციის მატარებელი ორგანიზაცია, რომელიც რამდენიმე დღის წინ ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში და ზუსტად მათ ვიზიტს დაამთხვია ირაკლი კობახიძემ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება, რომელიც, ყველამ ცხადად ნახა, რომ მიიღო კობახიძემ და არა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა და რომლითაც ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ არასამთავრობო ორგანიზაციას სადამკვირვებლო ფუნქციით - “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” თავს დაესხნენ და მას, ფაქტობრივად, აუკრძალეს დაკვირვება.
“ქართული ოცნება” ისეთ ნაბიჯებს დგამს, არჩევნების გაყალბების კომპლექსური პროცესი მიდის უკვე. არჩევნები არ ყალბდება არჩევნების დღეს, მითუმეტეს ასეთი ხელისუფლების პირობებში. მასშტაბური სისტემური კორუფცია, რომლითაც პარტიის შავი სალარო ივსება და რაზეც პასუხისმგებლობა პირდაპირ აქვს აღებული კობახიძეს, ზეწოლები მუქარები - ეს ყველაფერი ახლა მიმდინარეობს.
გუშინ მატყუარა პრემიერი გამოვიდა და თქვა, რომ უპრეცედენტოდ მშვიდი საარჩევნო გარემო არისო, დღეს დილით კი ჩვენი გუნდის წევრი უკვე მეორედ შეავიწროვეს, მეორედ განახორციელეს მასზე იძულება, ერთ ადამიანზე, რომელიც აგვისტოს ბოლოს ჯერ სკოლის დირექტორის თანამდებობიდან მოხსნეს გიორგი გახარიას მხარდაჭერის გამო და ახლა უკვე რიგით მასწავლებლად მუშაობდა იმავე სკოლაში და უნდათ, აიძულონ და დაატოვებინონ სამსახური, სკოლა, რომელსაც ათეულობით წლებია ემსახურება”, - განაცხადა მეზვრიშვილმა.