ოპოზიციონერი დეპუტატი არმაზ ახვლედიანი კომიტეტების გაერთიანებული სხდომიდან, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, თეა წულუკიანთან დაპირისპირების გამო გააძევეს.

დაპირისპირება თეა წულუკიანსა და არმაზ ახვლედიანს შორის "ბერლინალეს" ფესტივალთან დაკავშირებულ საკითხს მოჰყვა, სადაც კულტურის მინისტრობის კანდიდატმა არმაზ ახვლედიანს მოუწოდა, რომ ადამიანებზე, რომლებსაც სახელმწიფო არ აფინანსებს, ნუ ინერვიულებს.

არმაზ ახვლედიანმა თეა წულუკიანს უპასუხა, რომ თუ სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ, "ვინ ვის აჯობებს ნახავენ" და ურჩია "ფრთხილად იყვნენ მოსახვევებში".

ამ რეპლიკის შემდეგ ახვლედიანს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძემ, რომელიც სხდომას უძღვება, დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა.

"მოსახვევში ბანანს ფეხი არ დადგა და არ მოცურდე", - მიმართა ახვლედიანს წულუკიანმა, მაშინ , როცა ახვლედიანი დარბაზს ტოვებდა.

„ბატონო არმაზ, მესმის, რომ მუდმივად განერვიულებული ხართ. მესმის, რომ შეპყრობილი ხართ გარკვეული „დეფეტიზმით“. არ გჯერათ, რომ არჩევნებზე გაიმარჯვებთ და დაელოდეთ არჩევნებს, ვნახოთ ვინ დამარცხდება და ვინ არა, რატომ ნერვიულობთ? წინასწარ ნუ ნერვიულობთ. ასე ნერვიულობთ ყოველ საარჩევნო წელს და მერე ისევ რჩებით განერვიულებული. დაელოდეთ მშვიდად, ჩვენც ველოდებით არჩევნებს. ტყუილად ნერვიულობთ იმიტომ, რომ ის ადამიანები, ვისზეც ნერვიულობთ, მამუკა ხაზარაძის და კეზერაშვილის დაფინანსებით, 40 ადამიანი მიდის ბერლინალეზე, როგორც ალტერნატიული ქართული კინო. მისმენთ ბატონო არმაზ თუ არ გსიამოვნებთ?!“,-მიმართა თეა წულუკიანმა არმაზ ახვლედიანს.

„მესმის, რომ თქვენს ასაკში სულ არჩევნებში ხართ და ვერასდროს გაიმარჯვეთ, განერვიულებული იქნებით“ - თხრა თეა წულუკიანმა არმაზ ახვლედიანს.