„ვინ აკეთა რუსული საქმე? ვისაუბროთ ფაქტებით: „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც დღეს უტიფრად იბრალებს უკრაინის გულშემატკივრობას, საკუთარ ქვეყანაში, 2008 წელს მომხდარი ომის შემდეგ არათუ სანქციები არ დაუწესა რუსეთს, არამედ 30 სტრატეგიული ობიექტი მიჰყიდა,“ - აცხადებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ ყაველაშვილი.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მოწოდებების შესრულების შემთხვევაში, საქართველო ახლა ომის ქარცეცხლში იქნებოდა გახვეული. „ესენი რომ ხელისუფლებაში იყვნენ, ახლა სახელმწიფოც აღარ გვერქმეოდა!“, - ამბობს ის.
ყაველაშვილი საკუთარი განცხადების დამახინჯებული, კონტექსტიდან ამოვარდნილი ფორმით გავრცელებასაც გამოეხმაურა.
„ჩემი ციტატა გავრცელდა სოციალურ ქსელში, რომ თითქოს ჩემი თვითმიზანი ევროკავშირში შესვლა არ არის. დიახაც, თვითმიზანი არ უნდა იყოს, ევროკავშირი არის საშუალება იმისა, რომ შენი ქვეყანა იყოს ძლიერი, უსაფრთხო, კეთილდღეობა იყოს აქ. იმიტომ გვინდა ევროკავშირის წევრობა, რომ ამ საშუალებებს ვხედავთ: კანონის უზენაესობას, დამოუკიდებელ სასამართლოს, დემოკრატიას და ა.შ. სწორედ ამის დარღვევას გვთხოვენ ახლა: კანონის - სააკაშვილთან მიმართებით, კონსტიტუციის, მართლმსაჯულების - ნაცარს გვაყრიან თვალებში. ამის საპირწონედ ვამბობ, რომ ეს ევროკავშირს ეწინააღმდეგება და არ მინდა ასეთი ევროკავშირი. გამოიტანეს მარტო ის ფრაზა, რომ - ევროკავშირი ჩემი თვითმიზანი არ არის. აზროვნების საწყისი ეტაპია, რომ რაიმე თემაზე რომ ვსაუბრობთ, განსხვავებული მოსაზრებები შეიძლება გვქონდეს, სწორედ ასეთი საზოგადოება გვინდა. ის კი არა, რომ ერთმანეთი დავჭამოთ. ჭეშმარიტებამდე როგორ უნდა მიხვიდე არგუმენტების გარეშე, როგორ შეიძლება რაიმე საკითხის განხილვა ამის გარეშე?“, - აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.
მან, „მაესტროს“ ეთერში, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების უმთავრესი მიზანი გამჭვირვალობაა. მიხეილ ყაველაშვილი, ამ საკითხზე, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა ქცევას საეჭვოდ მიიჩნევს.
„თუ კეთილშობილურ მიზნებს ემსახურება მათი საქმიანობა, ეს კანონი, პირიქით, ხელსაყრელია მათი პიარისთვის, მაგრამ რადგან ზოგიერთმა ასეთი ამბავი ატეხა, ესე იგი, ვიღაცას არ უნდა, მისი საქმიანობა გამოაშკარავდეს. სხვა შემთხვევაში, დემოკრატიულ საზოგადოებაში ამაზე კითხვები არ უნდა გაჩენილიყო“, - აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.