ღიმილის მომგვრელია ეს ყველაფერი, რადგან არაერთხელ მოხდა განმარტება. პირდაპირ სიცრუეს ასაღებენ ქართულ საზოგადოებას, ნაცარს აყრიან თვალებში, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა მათ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე საუბრისა განაცხადა.
„ღიმილის მომგვრელია ეს ყველაფერი, რადგან არაერთხელ მოხდა განმარტება. პირდაპირ სიცრუეს ასაღებენ ქართულ საზოგადოებას, ნაცარს აყრიან თვალებში. არსებობს ტექსტი, კანონპროექტის მუხლები - პირველი ინიცირება ჩვენი და მეორე პირდაპირ ასლია ამერიკული კანონმდებლობის. ეს არის ერთიანი მესიჯბოქსი დაწყებული რადიკალური ოპოზიციის დამთავრებული ენჯეოსექტორის, ჩვენს ფარგლებს გარეთ რომ გავიდეთ, ამერიკელი კონგრესმენი იქნება ეს თუ ევროპელი პარლამენტარი თუ გაერო და ასე შემდეგ, ერთიანად ყველა საუბრობს, რომ გინდა თუ არა ეს არის რუსული კანონპროექტი“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ორივე ვერსია ვენეციის კომისიაში გაიგზავნება. ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
14 თებერვალს „ხალხის ძალამ“ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი დაიწუნა და მასში გარკვეული საფრთხე დაინახა.
21 თებერვალს კი „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ მოძრაობა კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიასა წარადგენს, რომელიც ამერიკული კანონის ზუსტი თარგმანი იქნება.