"ნაციონალური მოძრაობის" გასამართლება იქნება სასამართლოს პრეროგატივა იმ ფაქტებიდან გამომდინარე, რაც ხელთა გვაქვს და რაც საზოგადოებამ იცის", - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა მედიასთან.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ქართველ ხალხს არ ემსახურება და გარე დაკვეთებს ასრულებს, რაც წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო მკაფიოდ ჩანს.
„ნაცმოძრაობის“ გასამართლების პროცესი, რომელიც დაგვიანებულიც კია, აუცილებელია პოლიტიკური სივრცის გაჯანსაღებისთვის.
როცა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს, ან მათ ანასხლეტებს ვუსმენთ, (მაგალითად, გიორგი ვაშაძეს), ვხედავთ, რომ აბსოლუტურად სხვა სამყაროში არიან. გიორგი ვაშაძე არის იმ პარტიის წარმომადგენელი, რომელიც 2-3%-ს არასდროს ასცილებია, წინა არჩევნებზე კი მას, საერთოდ, უცხოელმა მოუგო. ვაშაძე კი მაინც ასეთი რიხით ლაპარაკობს ახლა. საზოგადოება ყველაფერს ხედავს და აფასებს. ასე ყველაფრის თქმა შეიძლება - ლაპარაკით ოქროს კოშკები შეიძლება დაიდგას, მაგრამ რეალობასთან ახლოს ხომ უნდა იყოს? წინა არჩევნებზე რომ ასეთი დაბალი შედეგი გქონდა, რა გააკეთე ამისთანა ოთხ წელიწადში, საკუთარ თავს ახლა რომ მოგებას უწინასწარმეტყველებ? ეს, სულ ცოტა, ღიმილის მომგვრელია. მაგრამ, ვიცით ეს ადამიანები ვის ემსახურებიან - ისინი ქართველ ხალხს არ ემსახურებიან, გარე დაკვეთებს უსმენენ“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.