საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მიიჩნევს, რომ ალეკო ელისაშვილიც და „ბიბისიც“ დაკვეთით მოქმედებდნენ.
როგორც მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ჯერ კიდევ პარლამენტში ალეკო ელისაშვილის ქმედება იყო არა აფექტით გამოწვეული, არამედ – მიზანმიმართული.
„ალეკო ელისაშვილის ქმედება და „ბიბისისი“ ფილმი უნდა განვიხილოთ ერთნაირ კონტექსტში, ტერორისტული აქტია. ლაზარე გრიგორიადისგან განსხვავება არ არის? გახსოვთ, როგორი გმირი შექმნეს გრიგორიადისით, რომელმაც ყველას თვალწინ სცადა პოლიციელის დაწვა მოლოტოვის კოქტეილით. როგორ გმირად წარმოაჩინეს და დღეს ვის ახსოვს ლაზარე გრიგორიადისი, ისე იქნება მზია ამაღლობელი, ალეკო ელისაშვილი. ვერ გადაწყვიტეს, რა შეფასება გააკეთონ ალეკო ელისაშვილის ქმედებასთან დაკავშირებით. სწორედ ასეთი ადამიანები არიან საჭირო იმ ძალებისთვის, რომლებმაც საქართველოს წინააღმდეგ ტერორისტული აქტი ჩაიფიქრეს. თქვენ გაიხსენეთ, ევროკომისრის, ვარჰეის საუბარი ბატონ კობახიძესთან. მანაც მიუთითა რობერტ ფიცოს თემაზე, რომელიც სიკვდილს გადაურჩა. არ არის გამორიცხული, ელისაშვილის მოქმედება იყოს მოტივაცია, გადამდები გახადოს ეს ქმედება. ვერაფრით ვერ უზრუნველყვეს პროტესტი, მათ აძლევენ ამ დაკვეთას, ეს დაკვეთა იყო ელისაშვილის მიმართ, ეს დაკვეთა იყო „ბიბისის“ მიმართ“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
ცნობისთვის, კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა. ალეკო ელისაშვილს ბრალდება თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე წარედგინა. წარდგენილი ბრალი 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასამართლომ ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ასევე, „ბიბისიმ“ გამოაქვეყნა მასალა, სათაურით: „„ბიბისის“ მტკიცებულებების თანახმად, ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს“. კერძოდ, „ბიბისი“ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე საუბრობს. მედიასაშუალება წყაროდ ასახელებს პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ლაშა შერგელაშვილს, ექსპერტ კრისტოფერ ჰოლშტეგეს. რესპონდენტები არიან აგრეთვე ეკა გიგაური და გიორგი ბაჩიაშვილი. „ბიბისის“ მასალაში ლაშა შერგელაშვილი აცხადებს, რომ, „მისი აზრით, ეს იგივე ნივთიერებაა, რომლის გამოცდაც მას წყლის ჭავლისთვის 2009 წელს სთხოვეს“. ამასთან, „ბიბისის“ ცნობით, „გამოძიების შედეგებს საქართველოს ხელისუფლებაში აბსურდული უწოდეს და განაცხადეს, რომ პოლიციამ კანონიერად იმოქმედა სასტიკი დამნაშავეების უკანონო ქმედებების საპასუხოდ“.








