წლების მანძილზე ამ თარიღს დღეს აღნიშნავდნენ, რაც შეიცვალა და ახლა 7 აგვისტოს აღნიშნავენ. საზოგადოებას მინდა, მივმართო, იმ ავბედით დღეებში, 18 წლის წინ, ჩვენს სახელმწიფოს მართავდა სრულიად უსუსური ხელისუფლება, რომელმაც ვერ შეძლო, აერიდებინა საომარი ვითარება და არ მომხდარიყო ის ტრაგედია, რაც მოხდა. ეს მათი პირადი პასუხისმგებლობაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განუცხადა.

მისი თქმით, დღეს მოქალაქეებს აქვთ სრულყოფილი პასუხი მაშინდელი ხელისუფლების მოქმედებაზე.

„ჩატარდა გამოძიება, არაერთი ფაქტი აღინიშნა, როგორ მოქმედებდა მაშინდელი ხელისუფლება იმ დღეებში. რამდენიმე დღის წინ პრემიერის გამოქვეყნებულ წერილზეც არ არსებობს პასუხი – როგორ მოქმედებდნენ, რა იყო მათი მოტივაცია. მტერი ტერიტორიებს იპყრობდა, დანაკარგი ჰქონდა სახელმწიფოს და შემდეგ მოახერხეს ამ მტერთან, ე.წ. დამპყრობელთან ურთიერთობა, მიჰყიდეს სტრატეგიული ობიექტები, მისცეს საშუალება, საქართველოს თანხმობით, გაწევრიანებულიყვნენ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, ცალმხრივად გააუქმეს სავიზო რეჟიმი, ლარსზე უმაღლესი თანამდებობის პირები იყვნენ ჩამწკრივებული, ხვდებოდნენ რუს ტურისტებს, საუბრობდნენ იმაზე, რომ „რუსულ ფულს სუნი არ აქვს“. ეს ხდებოდა იმ წლებში, როდესაც საქართველოში რუსული ინტერვენცია იყო ახალი, როდესაც ყველაფერი სათანადოდ წარმოჩენილი არც იყო, ოკუპანტადაც არ იყო ეს ქვეყანა დასახელებული. ჩვენი ხელისუფლების დროს, ყველა საერთაშორისო ფორმატში, ინსტიტუციებში, იქნებოდა ეს სტრასბურგი, ჰააგა, ყველა დავა იყო საჩვენოდ გადაწყვეტილი, ყველა დავაში სახელმწიფომ გაიმარჯვა, ყველგან დამტკიცდა, რომ ის ქვეყანა არის ოკუპანტი, ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია. ეს ჩვენი ხელისუფლების დროს მოხდა. ეს არის ფაქტები“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.