„ბათუმთან დაკავშირებით, ვითარება არის დაახლოებით ასეთი: ივნისის დასაწყისში, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ნაოპერაციებ 85 წლის ქალს ოპერაციის შემდგომი გართულების გასწორება დასჭირდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური დაუკავშირდა კლინიკას, თუმცა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ კონკრეტულმა თანამდებობის პირმა პაციენტის მიღებაზე, მიზეზის დაუკონკრეტებლად, განაცხადა უარი. - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა
იმ წუთას ბათუმის საავადმყოფოში ადგილები იყო საკმარისი, როგორც ემერჯენსის განყოფილებაში, ისე რეანიმაციულ განყოფილებაში. ამის დასტურია ის, რომ როდესაც ჩავერიე მე პირადად და რამდენიმე ხელმძღვანელი პირი, მხოლოდ ამის შემდეგ აღმოჩნდა შესაძლებელი, იმავე დაწესებულებაში, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიეღოთ პაციენტი. ოღონდ ამას დასჭირდა ძალიან დიდი ძალისხმევა, რადგან აბსოლუტურად უსაფუძვლოდ უარს ამბობდა ერთი კონკრეტული ექიმი პაციენტის მიღებაზე. ეს, რა საკვირველია, არის დარღვევა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება სამართლებრივი რეაგირება“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ადგილების არარსებობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და პაციენტის მიღებაზე უარის თქმის მიზეზად კლინიკაში ადგილების დეფიციტის დასახელება საფუძველს მოკლებულია.
„ამ კონკრეტულმა თანამდებობის პირმა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში უარი განაცხადა პაციენტის მიღებაზე, მიზეზის დაუკონკრეტებლად. აბსოლუტურად უმნიშვნელოა იქ, როგორ გააფორმა ეს ყველაფერი, რა მიუთითა. აქ არის მთავარი მომენტი: პაციენტისთვის საჭირო სამედიცინო დახმარებაზე, როდესაც ექიმი აცხადებს უარს, აბსოლუტურად მიუღებელია და ამას, ბუნებრივია, ყოველთვის შევეწინააღმდეგებით.
ასე რომ, რა თქმა უნდა, ბატონი ჯუმბერისთვის გასაგები იყო, რომ მას მოუწევდა ამაზე პასუხისმგებლობის აღება. მიზეზად დღეს იმის დასახელება, თითქოსდა ადგილები არ იყო, არის აბსოლუტური ტყუილი“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა აღნიშნული ფაქტის გახმაურების შემდეგ თანამდებობის დატოვების სურვილი თავად გამოთქვა.
„მან თვითონ, ბატონმა ჯუმბერმა, მიიღო გადაწყვეტილება ისე, რომ არავის ეს მისგან არ მოუთხოვია. მოთხოვნა დადგებოდა საკითხის შესწავლის შედეგად, თუკი გაირკვეოდა, რომ კონკრეტულ ბრალეულ ქმედებასთან გვქონდა საქმე. მან დაასწრო მოვლენებს და თვითონ გვითხრა, რომ აპირებდა წასულიყო სამსახურიდან სექტემბრის ბოლოს. ამიტომ, ჩემთვის, სიმართლე გითხრათ, ცოტა მოულოდნელი იყო ის მოვლენების განვითარება, რომელიც გუშინ ვიხილეთ“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.










