მართალი არიან გიორგი ახობაძე და სხვა პოლიტპატიმრები, ციხის სამედიცინო სამსახური წამების სისტემის ნაწილია და არაფერი ჰუმანიტარული მათ არ შერჩენიათ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„წინა ყოფნისას რუსთავის საპყრობილეში ერთადერთი ნათელი წერტილი იყო სამედიცინო პერსონალი, რომელიც ყოველთვის თბილად მხვდებოდა, მიღიმოდა, მამხნევებდა და ზრუნავდა ჩემს ჯანმრთელობაზე. მოწამვლის შემდეგ გვიან ღამით პირველი დახმარება მათ აღმომიჩინეს.
გამიხარდა, რომ აქ უკან მოყვანისას პირველ საღამოს სწორედ ისინი დამხვდნენ, თუმცა მეორე დილასვე ჩამომაშორეს ჩემი ძველი ნაცნობები და შემოიყვანეს დაშინებული, კრიჭაშეკრული, სრულიად არაკომპეტენტური ქოც-მედიკოსები, რა სამარცხვინოა!
მართალი არიან გიორგი ახობაძე და სხვა პოლიტპატიმრები, ციხის სამედიცინო სამსახური წამების სისტემის ნაწილია და არაფერი ჰუმანიტარული მათ არ შერჩენიათ.
ამათი ახლად გამოცხობილი კაციჭამიური ლოზუნგია "ნულოვანი თანაგრძნობა პოლიტპატიმრების". აი დღეს დილითაც, მას შემდეგ რაც "სამედიცინო" მომსახურებაზე უარი ვთქვი, შემოვიდა ერთი კონცლაგერის "ექიმი" და დამიწყო მორალის კითხვა. თან გამომიცხადა, რომ ჩემი მოწამვლა რომელიც დაადასტურა ამერიკულმა და გერმანულმა ლაბორატორიებმა, ამერიკელმა და ევროპელმა ექიმებმა, თურმე ტყუილია.
ეს "ექიმი" იქცეოდა არაკომპეტენტურად და პროვოკაციულად, როგორც ჯერ კიდევ ვივამედში, ევროსაბჭოს წამების კომისამ დაწერა დასკვნა, რომ სამედიცინო გადაწყვეტილებებს ექიმები კი არა რეპრესიული აპარატი იღებდა და აქაური ექიმები საერთოდ, როგორც სუსის ოფიცრები ისე იქცევიან. ეს სისტემა 100% დაინგრევა და ექიმები, როგორც რეპრესიული სისტემის ნაწილი, პასუხს აგებენ სხვებთან ერთად“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.








