დიდი საფრთხის წინაშე
ახლა ჩვენ, ერთი მხრივ, გვაქვს ეროვნული სულისკვეთების ძლიერი ამოფრქვევა, მეორე მხრივ, გვყავს რუსეთისგან სრულად მართული ოლიგარქი, რომელიც არა მარტო არ აპირებს არჩევნების გზით წასვლას, რაც ყველანაირი პროგნოზით წაგებული აქვს, არამედ არჩევნები მიაჩნია გადამეტებული საფრთხის წყაროდ, რომელიც სასწრაფოდ უნდა გააუქმოს. - ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"მას შემდეგ, რაც ისევე, როგორც ყველამ, მანაც დაინახა, რომ დაშინებამ და ძალადობამ არ გაჭრა და რომ დასავლეთიც აღარ აპირებს თამაშს ინდივიდუალური სანქციების თემით, ამასთანავე გამოიკვეთა ვიზალიბერალიზაციის გაუქმების პერსპექტივა, რაც ხალხს კიდევ უფრო გააბრაზებს და გაზრდის წინააღმდეგობის ტალღას, მან მიიღო მაშველი რგოლი რამდენიმე ევროპელი ბიუროკრატისაგან. ეს გამოიხატება იმით, რომ უნდა დაასრულონ პროცესი, პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის შენიშვნები და ხელახლა მიიღონ ეს ყველასათვის მიუღებელი კანონი, რადგან მესამე მოსმენის შემდეგ არანაირი ცვლილება ვეღარ მოხდება.
ამ შემთხვევაში ზოგიერთი ევროპელის აზრი მთლიანად ეწინააღმდეგება ქართველების ინტერესებს. ხოლო ივანიშვილის მხრიდან ეს იქნება მანევრი, რომლის მსგავსს ადრეც არაერთხელ მიმართავდა: ერთი ნაბიჯის უკან გადადგმა, რის შემდეგაც გაათმაგებული აგრესიით თავს დაესხმება სახელმწიფოებრიობასა და ქვეყნის დამოუკიდებლობას. ასეთი ვირეშმაკობით ფიქრობს ის ქვეყნის სამუდამოდ ჯიბეში ჩადებას, რაც საბოლოოდ დაასრულებს საქართველოს.
შექმნილ ვითარებაში აუცილებელია, პირველ რიგში, გამოვტაცოთ ხელიდან საარჩევნო კომისია და არავითარ შემთხვევაში, არანაირი სახეცვლილი ფორმით არ დავუშვათ „რუსული კანონის“ მიღება, რომელიც ფაქტობრივად არჩევნებსაც აუქმებს." - წერს მიხეილ სააკაშვილი.