ჩვენი სიმბოლო ხუთჯვრიანი დროშაა, ქოცების სიმბოლო წყალში მოტივტივე ხეებია, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ქოცები იგივე ნაცები“ - ეს ტიპიური რუსული ტექნოლოგიაა, გაათანაბრონ ურთიერთგამომრიცხავი მოვლენები.
ვინც ამას იზიარებს, შეცდომაშია შეყვანილი.
მივყვეთ ფაქტებს:
ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით იმ მიზნით, რომ გადაგვერჩინა კორუფციაში, კრიმინალურ აღვირახსნილობაში ჩაფლული, რუსეთიდან მართული ქვეყანა. ჩვენი მართვის მანძილზე საქართველოში მიმდინარეობდა დერუსიფიკაციის პროცესი სხვადასხვა გზით.
ქოცების მიზანი საქართველოს იმთავითვე რუსეთის უკანა ეზოდ გადაქცევა იყო.
„ვარდების რევოლუცია“, მსოფლიოს დიდი ნაწილისგან აღიარებული როგორც დადებითი მოვლენა, ბევრისთვის გახდა მისაბაძი მაგალითი.
რუსეთის შეფასებით, რომელსაც „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წარმომადგენელი იმეორებს, ეს დიდი უბედურება იყო.
საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით ჩვენ დავამარცხეთ კორუფცია და საქართველო უსაფრთხო ქვეყნად ვაქციეთ.
ამჯამად ხელისუფლება ჩაფლულია კორუფციაში, საგანგაშოდ გაზრდილია კრიმინალი.
ჩვენი სიმბოლო ხუთჯვრიანი დროშაა.
ქოცების სიმბოლო წყალში მოტივტივე ხეებია.
შემოვიტანეთ და დავამკვიდრეთ სახელმწიფოს ეროვნული სიმბოლიკა - დროშის გარდა, გერბი, ჰიმნი; ქართულ დროშასთან ერთად აღვმართეთ ევროპის დროშა.
ქოცებმა არაერთხელ სცადეს ამ დროშის გაუქმება, ფეხით გათელვა.
ჩვენ მიზნად გამოვაცხადეთ ევრო-ატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანება, რისთვისაც არაერთი ნაბიჯი გადავდგით. ხელი მოვაწერეთ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას.
ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ფაქტობრივად გააუქმა ეს შეთანხმება. არ მიიღო და დაგმო ევროპაში შემუშავებული ნებისმიერი რეკომენდაცია.
ჩვენ ქვეყნის დედაქალაქში გმირთა მოედანზე აღვმართეთ ქვეყნის გადასარჩენად დაღუპულ გმირთა მემორიალი.
ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ჩვენს მიერ დაარსებულ იუსტიციის სახლთან, რომლითაც ქვეყანა ასე ამაყობს, მოსვლისთანავე დაუდგა ძეგლი კრიმინალებს.
ჩვენ დროს დაიწყეს დაბრუნება ქვეყნიდან გასულმა თანამემამულეებმა.
ამჟამად ქვეყანა დატოვა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა და ეს პროცესი გრძელდება",- წერს სააკაშვილი.