მიხეილ სააკაშვილი: განადგურებული ვარ, დღეს უახლეს ქართულ ისტორიაში ერთ-ერთი შავი დღეა

1631789439
განადგურებული ვარ, დღეს უახლეს ქართული ისტორიაში ერთ-ერთი შავი დღეა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით განაცხადა, რის შედეგადაც დაჭრილი, 18 წლის ნიკა კვარაცხელია საავადმყოფოში გარდაიცვალა.
"დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე შავი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში.
გუშინ ღამე მოკლეს თავის თაობის ყველაზე ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდა - ნიკა კვარაცხელია მოკლეს დაუნდობლად საკუთარ სახლთან და ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველომ დაკარგა ერთ-ერთი ყველაზე მაგარი შანსი თავისი მომავლის.
ჩემთვის არის პირადად მძიმე დღე. მე არ ვიცნობდი ნიკას, მაგრამ ვიცოდი რას აკეთებდა და მინდა ვუთხრა ყველას, რომ ეს არის პირდაპირი შედეგი იმისა, რაც ხდება საქართველოში. დაუსჯელობის, გარყვნილობის, თავგასულობის და ამ ყველაფრის წახალისების - საქართველოს ჭაობად ქცევის, სადაც ნიჭიერი ადამიანი ვეღარც ჩერდება და საერთოდ ვეღარც ცოცხლობს!
ეს უნდა დასრულდეს!
ეს ჭაობი თუ არ დასრულდა, საერთოდ არანაირი შანსი არ გვაქვს მომვალის! ხომ არ გავგიჟდით მართლა ყველა?! რას ხდება, რას ვაკეთებთ ხალხო?! მე მართლა განადგურებული ვარ", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში.
შეგახსენებთ, 18 წლის ბიჭი, რომელიც გუშინ თბილისში დაჭრეს, გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით ის გულ-მკერდის არეში იყო დაჭრილი. თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. არსებული ცნობით, მას 9 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.