"მე ვსვამ კითხვას რომელიც ალბათ ბევრს უჩნდება."- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"რუსული კანონის მიღების შემდეგ პროტესტი შეჩერდა ვინაიდან არჩევნებს ველოდებოდით. ახლა არჩევნები მოიპარეს და პირველი და ერთადერთი მიტინგი ორ საათში დაშალეს და შემდეგ არაფერი ხდება გარდა გაუთავებელი შეხვედრებისა.

შეხვედრები საჭიროა და არჩევნების მოპარვის სქემის გახსნა მნიშვნელოვანია, მაგრამ საქართველოში დამყარდა დიქტატურა და ამის წინააღმდეგ ვერც უცხოეთი გააწყობს ვერაფერს და ვერც ჩვენს მიერ დაწერილი დეტალური დოკუმენტები თუ ყველაფერს თან არ ახლდა მასობრივი და განგრძობითი პროტესტი.

დრო იკარგება ქვეყნის შიგნით და ასევე თანდათან ჩაქრება ინტერესი ქვეყნის გარეთ. ინიციატივა გადავა რეჟიმის ხელში თუ ჩვენ არ ავიღეთ ის ჩვენს ხელში.

აქამდე ვიძახდით რომ ჩვენ არ ვართ ბელორუსები და ვენესუელელები და უფრო მეტად ვიაქტიურებდით, სინამდვილეში უნდა ვაღიაროთ რომ იგივე ბელორუსებმა დღეის მდგომარეობით ჩვენზე ბევრად აქტიურად იბრძოლეს.

ვამბობ ამას შეშფოთებით და გულისტკივილით და იმედია სწრაფად განახლდება ფართო სახალხო საპროტესტო მოძრაობა.  

ჩემის მხრივ მხოლოდ მიხარია რომ პარტიები და სამოქალაქო მოძრაობა ერთობლივად მოქმედებენ და ყველანაირად მოვუწოდებ ნაციონალურ მოძრაობას და ყველა ჩემს მომხრეს, უკან მოიტოვონ ყველა ჩვენი წინასაარჩევნო განსხვავებები, ვინაიდან ახლა ჩვენი ქვეყანა გვაქვს გადასარჩენი!- წერს მიხეილ სააკაშვილი.