რუსეთმა ღვინო რომ აკრძალა, მომიტანეს მთავრობის დადგენილების პროექტი, ახალაშენებული თბილისის აეროპორტისთვის საფერავის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დაგვერქმია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა და აღნიშნა, რომ მთავრობის წევრები ვერ შეთანხმდნენ, რქაწითელი ყოფილიყო თუ საფერავი.
„რუსეთმა ჩვენი ღვინო როდესაც აკრძალა, მომიტანეს მთავრობის დადგენილების პროექტი, რომ მაშინ ახალაშენებული იყო თბილისის აეროპორტი, რომელიც დღეს გვაქვს, რომ დაგვერქვა საფერავის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი. მთავრობის ნაწილმა იჩხუბა, რქაწითელი რითია ნაკლებიო. მოკლედ, მთავრობა ვერ შეთანხმდა რქაწითელსა და საფერავს შორის. ბოლოს ვაზის ძეგლი დავდგით. მთელი ჭაჭა, რომელიც რუსეთში ვერ გავიტანეთ, შევისყიდეთ, 220 ტონა იყო და ბათუმში გავაკეთეთ ჭაჭის შადრევანი, საიდანაც 18:00 საათამდე უფასოდ უნდა მოედინებოდეს ჭაჭა. ეს იყო უნიკალური პრეცედენტი. დარაჯი გვყავდა დაყენებული, ბავშვებს არ დაელიათ, სხვა პრობლემა არ იყო“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.