ეს რეჟიმი ხშირად ადარებს აფხაზეთის ომს 2008 წლის ომს. ერთადერთი, საერთო იყო ჩვენი ხალხის არნახული, წარმოუდგენელი გმირობა. სხვა ყველაფერში 2008 წელი იყო სრულად საპირისპირო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
„განსხვავებით 90-იანებისგან, ამჯერად გვყავდა ნამდვილი ჯარი. რუსეთს მოუწია ნიღბის ჩამოხსნა, მთელი თავისი შეიარაღებული ძალების მობილიზაცია და ღია აგრესიის განხორციელება, რითაც წარმოუდგენელი ზიანი მიაყენა საკუთარ რეპუტაციას. შემოვიდა, რა თქმა უნდა, ქართული სახელმწიფოს მთლიანად დასანგრევად, საქართველოს დასაპყრობად, ჩემს მოსაკლავად, ქართული რეფორმების შესაჩერებლად, ერის ნამდვილი იმედების და ოცნებების დასასრულებლად. და ეს 2008 წლის 8 აგვისტოს კონდოლიზა რაისთან საუბარში პირდაპირ თქვა ლავროვმა: „ჩვენი მიზანია საქართველოს სრული განადგურება“. მაშინ საქართველო ვერც გაანადგურეს და ვერც დააჩმორეს, მათ ვერ შეძლეს ვერცერთი საკუთარი მიზნის განხორციელება. ქართული სახელმწიფო და მისი ხელისუფლება გადარჩნენ და ჩვენ სწორედ ომის შემდეგ დავადექით ღიად ევროპული, ევროკავშირში ინტეგრაციის კურსს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, „სიმართლე არის ის, რომ 2008 წელს რუსეთი საქართველოში ძალიან მწარედ დამარცხდა“.










