თუ საჭირო გახდა, რომ გახარია თუნდაც, საგამოძიებო კომისიაზე მოვიდეს, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ რამდენჯერაც საჭირო იქნება, მოვა და გასცემს კითხვებს პასუხს - თქვენ არ ინერვიულოთ მაგაზე, - ასე მიმართა „საქართველოსთვის“ დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერს მამუკა მდინარაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დაუშვილმა ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის დადგენილების პროექტი წარმოადგინა და მმართველ გუნდს შესთავაზა„ქოლ-ცენტრებთან“ დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის მიერ გამოსაძიებელი პერიოდი თავად უმრავლესობამ დაასახელოს.
„ბატონო მამუკა, ნუ ნერვიულობთ ბატონ გახარიაზე, ნუ დაიძაბებით მაგაზე, თუ საჭირო გახდა, რომ ბატონი გახარია მოვიდეს თუნდაც საგამოძიებო კომისიაზე, აბსოლუტურად, დარწმუნებული ვარ, რომ რამდენჯერაც საჭირო იქნება იმდენჯერ მოვა და იმდენჯერ გასცემს კითხვებს პასუხს და თქვენ არ ინერვიულოთ მაგაზე. მეტსაც გეტყვით, რომელი წლიდან გინდათ რომ შევქმნათ საგამოძიებო კომისია?! შემოგვთავაზეთ. მოგყვებით. მე პირადად მხარს დავუჭერ იმას, რომ რომელი წლიდანაც გინდათ, იმ წლიდან შეიქმნას საგამოძიებო კომისია. კი ბატონო, შევქმნათ, ოღონდ მხარი დაუჭირეთ ამ საკითხს“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
ცნობისთვის, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მამუკა მდინარაძე დაინტერესდა, იმუშავებენ თუ არა „ქოლ-ცენტრების“ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაში, ინიციატორები იმ მიმართულებითაც, რომ დაადგინონ, იკვეთება თუ არა საქმეში გიორგი გახარიას შესაძლო პასუხისმგებლობის საკითხი. მამუკა მდინარაძე მიხეილ დაუშვილს: თქვენი ლიდერი რომ ახლოს იყო „ქოლ-ცენტრების“ სქემის თავში მყოფ ადამიანებთან, ამის ეჭვი მქონდა, მაგრამ ასე დეტალურად თუ იცნობთ ამ თემას, ნამდვილად არ გვეგონა