თქვენი ლიდერი რომ ახლოს იყო ამ სქემის თავში მყოფ ადამიანებთან, ამის ეჭვი მქონდა, მაგრამ ასე დეტალურად თუ იცნობთ ამ თემას, ნამდვილად არ გვეგონა, - ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატს მიხეილ დაუშვილს, რომელმაც ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის დადგენილების პროექტი წარმოადგინა.
„თქვენი ლიდერი რომ ახლოს იყო ამ სქემის თავში მყოფ ადამიანებთან, ამის ეჭვი მქონდა, მაგრამ ასე დეტალურად თუ იცნობთ ამ თემას, ნამდვილად არ გვეგონა. ვთქვათ, რომ დაგეთანხმოთ და შეიქმნას ეს კომისია, რა იქნება მთავარი მიმართულება, საით მიდის საპარლამენტო გამოძიება? თავად საქმის დეტალები არის საპარლამენტო გამოძიების ობიექტი - როგორ იძიებენ სამართალდამცავები მიმდინარე საქმეს, თუ თქვენს, ოპოზიციის ლოგიკას რომ გავყვეთ, ვიღაც საქმის კურსში რომ არ ყოფილიყო არ შეიძლებოდა და დაიწყებთ იმ პერიოდიდან, როცა შს მინისტრი იყო გიორგი გახარია და როცა ეს ე.წ. „ქოლ-ცენტრები“ შეიქმნა?! შემდეგ პრემიერი გახდა გახარია და ამ პასუხისმგებლობის მიმართულებით ხომ არ აფარებს ვინმე ხელს, ხომ არ იყო და ხომ არ არის? ასევე, მაინტერესებს, ჩაერთვება თუ არა, ამ კომისიის საქმიანობაში „ნაციონალური მოძრაობა“, მთავარი ეჭვმიტანილის მიერ დაფინანსებული პოლიტიკური ორგანიზაცია? ვაშაძე, რომლის მიმართულებითაც ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს? მე არ მჯერა, რომ მისმა ძმამ არახამიას ძმას მიაქირავა ფართი შემთხვევით და იქ ე.წ. ქოლ-ცენტრი აღმოჩნდა. თქვენ ჩაერთვებით თუ არა, გიორგი გახარიას შესაძლო პასუხისმგებლობის საკითხი არის თუ არა, ამ მიმართულებით იმუშავებთ თუ არა?“- განაცხადა მდინარაძემ.