დღეს, როდესაც მთელ მსოფლიოში ვხედავთ დიდ შეტევას ოჯახურ ღირებულებებზე, აუცილებელი გახდა უფრო აქტიური მხარდაჭერა ოჯახური ღირებულებების და მათი წარმოჩენა, როგორც დიდი სიწმინდის, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მუჯირმა ქაშვეთთან, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით შეკრებილი საზოგადოებისადმი მიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ოჯახის სიმტკიცე ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„გილოცავთ დღევანდელ შესანიშნავ დღეს, ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეს, რომელიც უკვე 10 წელიწადია, რაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა კურთხევით აღინიშნება და გადმოგცემთ მის დალოცვასა და კურთხევას. ოჯახი ყოველთვის სიწმინდედ ითვლებოდა ჩვენს ეკლესიაში საუკუნეების განმავლობაში, მაგრამ დღეს, როდესაც მთელ მსოფლიოში ვხედავთ დიდ შეტევას ოჯახურ ღირებულებებზე, აუცილებელი გახდა უფრო აქტიური მხარდაჭერა ოჯახური ღირებულებების და მათი წარმოჩენა, როგორც დიდი სიწმინდის. ადამიანი ღმერთმა დასაბამიდან შექმნა როგორც ოჯახი. ამდენად, ოჯახი არის ყოფიერების ის ფორმა, რომელიც თავად ღვთისგან მოგვეცა. სწორედ ამიტომ ვუწოდებთ ოჯახს სიწმინდეს. ადამიანი ღმერთმა შექმნა თავის ხატად და მსგავსად და წმინდა მამების ნაწილი ამბობს, რომ სწორედ ოჯახი არის ყოვლადწმინდა სამების ხატების ერთ-ერთი გამოვლინება ადამიანში. როგორც ღმერთს აქვს ერთი ბუნება და სამი ჰიპოსტასი, ასევე, ოჯახსაც აქვს სამი ჰიპოსტასი - მამაკაცის, ქალის და ბავშვის ჰიპოსტასი. ადამიანი მოწოდებულია ყოვლადწმინდა სამების მსგავსად იცხოვროს სიყვარულში. ოჯახში ერთმანეთს უკავშირდება სხვადასხვა თაობა. უფროსი თაობისგან გადაეცემა უმცროს თაობას სულიერი და კულტურული გამოცდილება. ამდენად, ოჯახი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოჯახის სიმტკიცე ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის“- განაცხადა მეუფე შიომ.