აშშ-ს საელჩო საქართველოში სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას აქვეყნებს, რომელიც ა.წ. 12 დეკემბრით არის დათარიღებული:
"გრძელდება სავიზო შეზღუდვების დაწესება იმ პირების მიმართ, ვინც საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრის.
სახელმწიფო დეპარტამენტი დღეს აცხადებს დამატებით ზომებს სავიზო შეზღუდვის პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც კრძალავს ვიზის გაცემას მათთვის, ვინც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეა საქართველოში დემოკრატიიის ძირის გამოთხრაში. დღევანდელი ქმედება მიემართება დაახლოებით ოც პირს, მათ შორის იმ პირებს, რომლებიც მუშაობენ მთავრობის მინისტრებად და პარლამენტში, ასევე, სამართალდამცავ და უსაფრთხოების წარმომადგენლებსა და კერძო პირებს.
შეერთებული შტატები მკაცრად გმობს პარტია „ქართული ოცნების“ მიერ მიმდინარე, სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის: მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლების, უფლებადამცველებისა და ოპოზიციის წევრების მიმართ. „ქართულმა ოცნებამ“ ზურგი აქცია საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, რომელიც ქართველი ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას სურს და, რომელიც ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ სავიზო შეზღუდვების დაწესება იმ მაღალი თანამდებობის პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილე არიან დემოკრატიის ძირის გამოთხრაში.
ჩვენ ვამზადებთ დამატებით ქმედებებს, მათ შორის სანქციებს, რათა პასუხი აგონ მათ, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში. ქართველ ხალხთან ერთად, გვსურს, ვიხილოთ ძლიერი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველო, რომელიც ევროატლანტიკურ საზოგადოებაში მტკიცედ იქნება ინტეგრირებული. ჩვენი დღევანდელი ქმედებები მაგალითია ამერიკის მტკიცე გადაწყვეტილებისა, რომელიც ემატება აქამდე გამოცხადებულ გადაწყვეტილებებს „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული 100-ზე მეტი პირისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ.
სახელმწიფო დეპარტამენტის ქმედებები სავიზო შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით ეფუძნება „იმიგრაციისა და მოქალაქეობის აქტის” 212(a)(3)(C) პუნქტს, სახელმწიფო მდივან ბლინკენის მიერ 2024 წლის მაისში გამოცხადებული პოლიტიკის შესაბამისად."- ნათქვამია განცხადებაში.