იესო ქრისტე რომ მომევლინოს და მითხრას, რომ პარტიას დღეს ლევან ხაბეიშვილი მართავს, არ დავიჯერებ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„დღეს პარტია არის, სამწუხაროდ, უმძიმეს მდგომარეობაში 5 თებერვლის შემდეგ, რაც ამ პარტიის მენეჯმენტმა პოლიტიკური საბჭო, დაახლოებით 80 ადამიანის სახით, ფაქტობრივად, გაყარა პარტიიდან. აქ არაა საუბარი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებზე, მე გამოვედი და მივულოცე მათ და დაიხურა ეს მძიმე ფურცელი. ამის შემდეგ, დღემდე, პარტიის ხლეჩის, ნგრევის, პარტიიდან წევრების გარიცხვის გარდა, ამ მენეჯმენტს არაფერი უკეთებია, სამწუხაროდ, დღეს არის ეს მოცემულობა. ერთობაზე საუბარი სადღეგრძელოს სახით, არ არის საკმარისი. როდესაც კედელი ჩამონგრეულია, კედელი უნდა ააშენო და არა დამალო ეს კონკრეტული კედელი. ამიტომ, მიმაჩნია, რომ შეფასებები, რაც ჩემ მიერ კეთდებოდა ამ ხნის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ძალაში რჩება და მე ეჭვიც არ მეპარება, რომ პარტიაში დღეს არის მძიმე ვითარება და თუ ეს ვითარება გვინდა, რომ გამოსწორდეს, მენეჯმენტმა უნდა აღიაროს შეცდომები და შეცდომების აღიარების შემდეგ, ხდება ვითარების გამოსწორება. შენ თუ შეცდომას არ აღიარებ, ბუნებრივია, შეცდომას ვერ გამოასწორებ.
თუკი ვინმე ფიქრობს, რომ ამ პარტიას მართავს ლევან ხაბეიშვილი, წარმატებები მინდა ვუსურვო მათ ამ მოსაზრებაში, უბრალოდ მე მირჩევნია დავრჩე ჩემს სიმართლესთან და ამ პოზიციაზე, იმიტომ, რომ ეს ასე არის და ასე მჯერა. იესო ქრისტე რო, მომევლინოს და მითხრას, რომ პარტიას დღეს ლევან ხაბეიშვილი მართავს, არ დავიჯერებ, იმიტომ, რომ ეს სიმართლე არ არის“,- განაცხადა მელიამ.