ვუსამძიმრებ თამაზ გინტურის ოჯახის წევრებს და ახლობლებს! მისი მკვლელობა არის უმძიმესი დანაშაული, უკიდურესად შემაშფოთებელი ფაქტი და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის კიდევ ერთი უმძიმესი შედეგი, რომელზედაც სრული პასუხისმგებლობა ოკუპანტ მხარეს ეკისრება! - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
"პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერც ის პოლიტიკური ძალა, ვინც თავისი მოღალატეობრივი ქმედებებით რუსეთს ჩვენს ქვეყანაში ოკუპაციის საშუალება მისცა და ტერიტორიები გადაუფორმა.
დღეს ამ ტრაგედიით სარგებლობას ის ხალხი ცდილობს, ვინც ეს უმძიმესი მემკვიდრეობა დაგვიტოვა, ვინც ქართველ სამხედროებს ომის დაწყება და ომის დანაშაული დააბრალა.
მათი უამრავი გაფუჭებული გამოვასწორეთ, დამალული მტკიცებულებების და შეგნებულად არასწორად ნაწარმოები საქმეების მიუხედავად ჰააგაც მოვიგეთ და სტრასბურგიც, თუმცა ჯერ კიდევ გადაუჭრელი რჩება ჩვენი ქვეყნის ყველაზე მთავარი, წინა ხელისუფლების მიერ და დროიდან დატოვებული უდიდესი პრობლემა - რუსული ოკუპაცია და მისი თანამდევი უმძიმესი შედეგები. კოლექტიური ნაცმოძრაობა კი ბედავს ამ თემაზეც სხვისკენ გაიშვიროს ხელი!..
საქართველო ყველა არსებულ და შესაძლო ბერკეტს გამოიყენებს, რომ დამნაშავეებმა სათანადოდ აგონ პასუხი!" - წერს მამუკა მდინარაძე.
ცნობისთვის, სოფელ კირბალთან მომხდარ ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების
ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
სამართალდამცველები ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ".