დღეს ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო, ინფორმაცია მოვისმინეთ და შესაბამისად, არგუმენტების შეჯერების საფუძველზე, მივალთ რაციონალურ გადაწყვეტილებამდე, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ყველაზე მთავარი და ცენტრალური მნიშვნელობა აქვს, თუ რა არგუმენტები ერთი ან მეორე მხრიდან. შესაბამისად, ჩვენ ყველა არგუმენტი გავიარეთ დეტალურად. გვქონდა ჩაკითხვებიც. ყველა საკითხთან დაკავშირებით ექიმებისგან დეტალური ინფორმაცია მივიღეთ. პრემიერ-მინისტრმა ყველა საკითხთან დაკავშირებით, რაზეც ჰქონდა ინტერესი, ყველა საკითხზე მიიღო დეტალური ინფორმაცია არგუმენტების სახით. გადავწყვიტეთ, დღეს საბოლოო გადაწყვეტილებისკენ არ წავსულიყავით. პრემიერმა გამოთქვა სურვილი, რომ ხვალ კიდევ შევხვდეთ, რადგან მეორე მხარის არგუმენტებიც მოვისმინოთ ამ საკითხზე. ხვალ, 16:00 საათზე გაიმართება შეხვედრა, რომელსაც სავარაუდოდ, დაესწრებიან ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებიც, მინისტრი. ამ შეხვედრის შემდეგ, ჩვენ უკვე შეგვიძლია, წავალთ რაღაც გადაწყვეტილებისკენ.
დღეს, ძალიან ნაყოფიერი, პოზიტიური შეხვედრა იყო, არგუმენტების გაცვლას ვერ დავარქმევდი, უფრო ინფორმაცია მოვისმინეთ. შესაბამისად, ამ ინფორმაციის და არგუმენტების შეჯერების საფუძველზე, ჩვენ წავალთ რაციონალურ გადაწყვეტილებამდე. ერთია პროტესტი და ყველას ნების, აზრის გამოხატვას უდიდეს პატივს ვცემთ, მაგრამ მათაც იციან, მაღალი პასუხისმგებლობით გათვითცნობიერებული აქვთ, რომ რაიმე გადაწყვეტილების საფუძველი იქნება არა პროტესტი, ფორმები, რისი უფლებაც აქვთ, არამედ არგუმენტების სიმყარე. რა იქნება სწორი სახელმწიფოებრივად სწორი. მეორე, სამედიცინო კოლექტივს უნდა დავუფასოთ ის ღვაწლი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში აქვთ გაწეული. „კოვიდის“ დროს ეს ადამიანები ებრძოდნენ სიკვდილს, ამის დაუფასებლობა და მათი აზრის არ გათვალისწინება არ შეიძლება. ამიტომ, ამ არგუმენტებს შევაჯერებთ და ხვალ, მაქსიმუმ ზეგ რაღაც გადაწყვეტილებისკენ უნდა წავიდეთ“, – განაცხადა მდინარაძემ.