ქალბატონო ანა, დაანებეთ ამ მასწავლებლობას თავი რა, სანამ ჩვენ ზრდილობაზე დაიწყებთ რამე აზრების გამოთქმას, თქვენს ზრდილობას მიხედეთ რა! - ქალი ხართ და არ გეკადრებათ, გაუფრთხილდით მანდილის ღირსებას რა! - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერ კოლეგას ანა ნაცვლიშვილს.

ანა ნაცვლიშვილმა სესიაზე ხმაური გააპროტესტა, რასაც ვიცე-სპიკერის ნინო წილოსანის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის დროს ჰქონდა ადგილი და სხდომის წამყვანს შალვა პაპუაშვილს მიმართა, რომ სთხოვა უმრავლესობის წევრებს მომხსენებლისთვის მოესმინათ.

„ბატონო შალვა, სხდომათა დარბაზში საშინელი ხმაურია. იქნებ თქვენივე უმრავლესობის წევრებს მაინც მოუწოდოთ, რომ გუნდის წევრსა და ვიცე-სპიკერს პატივი სცენ, როდესაც ის ტრიბუნასთან დგას და მოუსმინონ“, - მიმართა პაპუაშვილს ანა ნაცვლიშვილმა.

შალვა პაპუაშვილის მოწოდებას დარბაზში ხმაურთან დაკავშირებით ბექა ოდიშარია გამოეხმაურა.

„გუშინ ვერ მოვასწარი და ქალბატონო ანა, დაანებეთ ამ მასწავლებლობას თავი რა! სხვათა შორის, სანამ ჩვენ ზრდილობაზე დაიწყებთ რაიმე აზრების გამოთქმას, თქვენს ზრდილობას მიხედეთ რა - უსმინეთ თქვენს გამოსვლებს ტრიბუნიდან როგორ, რა ლექსიკით ესაუბრებით კოლეგებს ან პოლიტიკურ „ისტებლიშმენტზე“ როგორ საუბრობთ რა! ქალი ხართ და არ გეკადრებათ - ცოტა გაუფრთხილდით მანდილის ღირსებას რა!“ - მიმართა ბექა ოდიშარიამ ანა ნაცვლიშვილს.