სამწუხაროდ, გვიწევს იმის თქმაც, რომ ელჩი პირდაპირ იტყუება, მსგავსი არაფერი ეწერა იმ განცხადებაში, რომელიც საზოგადოების წინაშე პარტიის სახით წარმოადგინა ირაკლი კობახიძემ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას.
„ელჩის განცხადებაში უფრო მთავარი და სამწუხაროა ის, რაც თქვა ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით. შეფასება მოჰყვება ტყუილ ფაქტობრივ გარემოებას, რომელიც არ არსებობს. ანუ, ფაქტი არ არსებობს და ამ ფაქტს ისე წარმოაჩენს, თითქოს არსებობს – შეაჩერეს, შეაფერხეს. მსგავსი არაფერი ეწერა იმ განცხადებაში, რომელიც საზოგადოების წინაშე პარტიის სახით წარმოადგინა ირაკლი კობახიძემ. სამწუხაროდ, გვიწევს იმის თქმაც, რომ ელჩი პირდაპირ იტყუება. ვინმეს თუ კიდევ არ სჯერა ჩვენი განცხადების, რომ შანტაჟის ბერკეტად, იარაღად სჭირდებოდათ ამ საკითხის გამოყენება, მაშინ ნახონ ევროკავშირის ელჩის გუშინდელი განცხადება და თუ იქ სიმართლე წერია, მაშინ კი ბატონო. ჩვენი განცხადებისგან აცდენილი რეალობა თუ წერია, ანუ ტყუილი, მაშინ ჩვენ ვყოფილვართ მართლები. მარტივად, თავისი ტვინით შეაფასონ. სხვისი ტვინით კი ნუ მოქმედებენ, საკუთარი გონებით და ტვინით შეაფასონ. ელჩმა თუ თქვა ის, რაც არის სიმართლე, მაშინ ჩვენ მტყუანები ვყოფილვართ, მაგრამ ელჩმა თქვა, რომ შევაფერხებთ, თუ შევაჩერეთ. ჯერ ერთი, რა შევაჩერეთ? ელჩი არჩევნებამდე, საარჩევნო მიზნებისთვის ამბობდა, რომ შეჩერებულია ევროინტეგრაციის პროცესი. აბა, ვის უჭერდა მხარს, თუ მიხვდებით? ის ახლა თავის თავს შეეწინააღმდეგა. თუ შეჩერებულია, ჩვენ რაღა შევაჩერეთ? თქვენ შეგიძლიათ, გაჩერებული ავტომანქანა კიდევ უფრო მაგრად გააჩეროთ?
ჩვენ ვამბობთ, რომ ზედმიწევნით, ზედმეტი მონდომებითაც კი შევასრულებთ ასოცირების ხელშეკრულებით და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებას, პირობას ვდებთ, 2028 წლისათვის შეთანხმების 90 პროცენტზე მეტი გვექნება შესრულებული. ევროინტეგრაციის პროცესი ამ ორ დოკუმენტზეა დამოკიდებული. მეტი სამართლებრივი დოკუმენტი, გზამკვლევი, გაწერილი პუნქტებად, ბუნებაში არ არსებობს. ასობით და ათასობით პუნქტზეა საუბარი. იცით, რას ნიშნავს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება? ამ პუნქტების შესრულებაზე სიტყვით ან საქმით უარი რომ ვთქვათ. ჩვენ ვამბობთ, რომ თითოეულ პუნქტს მივყვებით და საარჩევნო ციკლის, ოთხწლიანი ვადის პერიოდში ზედმიწევნით შევასრულებთ 90 პროცენტზე მეტს. შემდეგ, როდესაც კიდევ უფრო მზად ვიქნებით მოლაპარაკების გახსნისათვის, ვიდრე დღეს, მივმართავთ ჩვენი მხრიდან. დღეს ჩვენი მიმართვა ევროკავშირს არ სჭირდება. ჩვენი მიმართვა არ არის აუცილებელი პირობა, რომ მათ მოლაპარაკებები გახსნან. თავისუფლად შეუძლიათ, გახსნან მოლაპარაკებები, დადონ ასეთი დოკუმენტი მაგიდაზე და იმავე წამს, დაუფიქრებლად ვაწერთ ხელს. ასეთი დოკუმენტი თუ დაიდება, წინმსწრებად გეუბნებით, მთელი პასუხისმგებლობით, მთლიანი გუნდის სახელით, რომ თანახმა ვართ, მოვაწეროთ ხელი. ეს თქვა დღეს ირაკლი კობახიძემ, ამას ვიმეორებ მეც. ჩვენ ვაწერთ ხელს. მაშინ პრობლემა რაღაშია, პრობლემა არის ტყუილში, რა ტყუილზეც აბრაზებენ საზოგადოებას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას: „2028 წლის ბოლომდე არ დავაყენებთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, უარს ვამბობთ ევროკავშირიდან გრანტზე, განვაგრძობთ სვლას ევროკავშირისკენ, თუმცა არავის მივცემთ მუდმივი შანტაჟის საშუალებას“. როგორც ჰერჩინსკიმ აღნიშნული განცხადების შეფასებისას განმარტა: „ნამდვილად სამწუხაროა გუშინდელი განცხადება, რომ საქართველო აჩერებს ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობებს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში“.