ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმაც, მათ შორის USAID-ის მსოფლიო მასშტაბის სკანდალმა, ყველა დაარწმუნა, რომ ჩვენი ქვეყანა ბოლომდე უნდა დავიბრუნოთ და არარსებული პრობლემებით, გამოგონილი ბრალდებებით ვერავინ უნდა შეძლოს, ჩვენი სამშობლო ამყოფოს მუდმივი ჯანჯღარის რეჟიმში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ხელისუფლებამ „უნდა შეძლოს „ენჯეოს“ წარმომადგენლებად, თუ პოლიტიკოსებად შეფუთული აგენტურის ანტიქართული მოქმედებების პრევენცია, მოქალაქეების დაცვა ცრუ და ქვეყნის გარედან თავსმოხვეული ბრალდებებისგან“.

„როგორც მოგეხსენებათ, ბოლო სამი დღის განმავლობაში უკვე ორჯერ ჩავატარეთ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა. პირველი სხდომის შემდეგ, ჩვენ საზოგადოებას ვუთხარით, რომ ვამკაცრებთ კანონმდებლობას, როგორც ადმინისტრაციულ, ასევე სისხლისსამართლებრივი მიმართულებით პოლიტიკოსებზე, საჯარო მოხელეებზე, პოლიციელებზე და ა.შ. თავდასხმებთან დაკავშირებით. ასევე ვთქვით, რომ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ყველა თავსმოხვეული საკანონმდებლო ხარვეზის აღმოსაფხვრელად, რათა ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ჰქონდეს სახელმწიფოს მართვის ყველა შესაბამისი ბერკეტი და საშუალება. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმაც, მათ შორის USAID-ის მსოფლიო მასშტაბის სკანდალმა და არა მხოლოდ ამან, ყველა დაარწმუნა, რომ ჩვენი ქვეყანა ბოლომდე უნდა დავიბრუნოთ და არარსებული პრობლემებით, გამოგონილი ბრალდებებით ვერავინ უნდა შეძლოს, ჩვენი სამშობლო ამყოფოს მუდმივი ჯანჯღარის რეჟიმში. ვერავინ უნდა შეძლოს, საკუთარი მავნებლური, ანტისახელმწიფოებრივი მიზნებისთვის გამოიყენოს ჩვენი არასრულწლოვნები, თუ სხვა ახალგაზრდები ან მათი გულწრფელი ემოციები.

ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ „ენჯეოს“ წარმომადგენლებად, თუ პოლიტიკოსებად შეფუთული აგენტურის ანტიქართული მოქმედებების პრევენცია მოვახდინოთ; უნდა შევძლოთ, რომ ჩვენი მოქალაქეები დავიცვათ ცრუ და ქვეყნის გარედან თავსმოხვეული ბრალდებებისგან, პროპაგანდისგან და უზრუნველვყოთ ისეთი მედიასტანდარტის დამკვიდრება, როგორიც, მაგალითად, დიდ ბრიტანეთშია. ასევე უზრუნველვყოთ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობის იმგვარ სტანდარტებთან თუნდაც ოდნავ მიახლოებული სტანდარტი, როგორიც, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებშია და საბოლოო ჯამში, უნდა შევქმნათ მოცემულობა, რომ საქართველოს, ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება ყოველთვის თავად ქართველმა ხალხმა შეძლოს და არა ნებისმიერმა ვინმე სხვამ. სწორედ აქ შეიძლება იყოს ეროვნული და ღირსეული, რეალურად ევროპული ღირებულებებისა და ინტერესების თანხვედრა. სწორედ ამ შემთხვევაშია მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელი ეკონომიკის ზრდა და ხალხის კეთილდღეობის უზრუნველყოფა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ სწორედ ამ მიზნით მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ გარკვეული გადაწყვეტილებები.

ცნობისთვის, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ დაინიცირდება კანონპროექტი, რომელიც იქნება ამერიკული „ფარას“ დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი. მამუკა მდინარაძის თქმით, შარშან პარლამენტმა მიიღო „ფარას“ მსუბუქი ვერსია, რომელიც ჯერ სრულფასოვნად არც ამოქმედებულა. მდინარაძის განმარტებით, მის ნაცვლად, მიღებული იქნება ახალი, ამერიკული კანონი, მისი მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი და უზრუნველყოფილი იქნება მისი სრულფასოვანი ამოქმედება. მამუკა მდინარაძემ ასევე აღნიშნა, რომ პარალელურად, მთავრობა შექმნის ფონდს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივების დასაფინანსებლად, რისთვისაც შევა ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში. მამუკა მდინარაძემ ამავდროულად განმარტა, რომ ამერიკული „ფარას“ ანალოგიური კანონპროექტის მიღების შემდეგ, გამჭირვალობის კანონი გაუქმდება.

რაც შეეხება სხვა გადაწყვეტილებებს, მდინარაძის განცხადებით, დაინიცირდება მედიის კანონი, რომელიც იქნება მიღებული ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად. მდინარაძის თქმით, „კანონით დადგინდება მედიის ობიექტურობის, აგრეთვე, ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები, განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგისა და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები. შეიზღუდება მედიასაშუალებების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან და ეს არ შეეხება კომერციული რეკლამიდან მიღებულ და სხვა ამგვარ შემოსავლებს“. მდინარაძემ ასევე ისაუბრა ანტინარკოტიკული პოლიტიკისა და კანონმდებლობის, აგრეთვე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების გამკაცრებაზე. რაც შეეხება კიდევ ერთ გადაწყვეტილებას, მდინარაძის განცხადებით, „ყველა კანონიდან და კანონქვემდებარე აქტიდან ამოღებული იქნება ნორმები, რომლებიც ითვალისწინებს საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობას“. მდინარაძის თქმით, გამარტივდება საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების დანიშვნები. გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების დანიშვნა და გათავისუფლება განისაზღვრება მინისტრის ან სხვა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის დისკრეციულ უფლებამოსილებად. მდინარაძის განცხადებით, შეიზღუდება საჯარო სამსახურში უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული სარგებლის მიღება, შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე აიკრძალება საჯარო მოსამსახურის მიერ უცხოური წყაროდან რაიმე სარგებლის მიღება. მმართველი გუნდის მიერ მიღებული კიდევ ერთი გადაწყვეტილება ეხება მიგრაციის შესახებ კანონმდებლობის გამკაცრებას.