გაგვიმართლა, რომ ჩვენ დღეს გვყავს ეს პრეზიდენტი. სხვანაირი პრეზიდენტი რომ გვყოლოდა, რომელიც ხმას არ ამოიღებდა, მაშინ გაცილებით უარეს სიტუაციაში იქნებოდა საქართველო , - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ „პალიტრანიუსთან“ განაცხადა.

„ჩვენ მხარს დავუჭერთ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას პრეზიდენტის პოსტზე. იმიტომ, რომ ის არის გამოკვეთილად პროევროპული ანუ პროეროვნული. ევროპული არჩევანი არის ეროვნული არჩევანი. როცა ეროვნულ არჩევანს უჭერ მხარს, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს თავისუფალი სამყაროს, მყარი მშვიდობის, სერიოზული ეკონომიკის და ჩვენი შვილებისთვის სერიოზული განათალების სივრცეში მოხვედრილი, ეს არის ევროპული არჩევანი, ანუ ეროვნული არჩევანი.

ჩვენ არ ვიცით, როგორი კონფიგურაცია იქნება, მაგრამ მე რა ინფორმაციაც მაქვს, უმრავლესი ოპოზიციური ლიდერები და პარტიები მხარს უჭერენ ქალბატონ სალომეს. ჩვენ ვიქნებით ამ პროცესის მონაწილეები და მყარად ვდგავართ ამ საკითხზე. მე მიმაჩნია, რომ ქალბატონი სალომეს რესურსი, რომელიც გააჩნია ადამიანური კონტაქტების დონეზე, ოფიციალურ დონეზე, ევროპელ და ამერიკელ ლიდერებთან, ეს ჩვენი ქვეყნისთვის გამოსაყენებელია. პირადი კონტაქტები ძალიან ბევრ რამეს წყვეტს ისევე, როგორც ოფიციალური კონტაქტები. ქალბატონი პრეზიდენტი იყო ის ადამიანი, რომელმაც მკაფიოდ წარმოაჩინა ქვეყანა და ის, რომ ამ ქვეყანას და მის მოქალაქეებს უნდათ ევროპული მომავალი.

პირდაპირ გეუბნებით, გაგვიმართლა, რომ ჩვენ დღეს გვყავს ეს პრეზიდენტი. სხვანაირი პრეზიდენტი რომ გვყოლოდა, რომელიც ხმას არ ამოიღებდა, მაშინ გაცილებით უარეს სიტუაციაში იქნებოდა საქართველო იმიტომ, რომ უბრალოდ არავინ არ გაამჟღავნებდა, არცერთი ინსტიტუცია არ გააჟღერებდა იმ ახალგაზრდების სულისკვეთებას ოფიციალური ტრიბუნიდან, რაც ჩვენ ვნახეთ რამდენიმე თვის განმავლობაში, რომელიც ჩვენი დედაქალაქის ქუჩებში ხდებოდა“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.