ერთხელ ვურჩიე „გირჩს“, რაღაცების მოწევას, საფერავი დალიონ, გაკრეჭილები რომ დადიან. გამოდიან და ჩვენ ვითომ გვირტყამენ, გაიარეთ რა, თუ ძმები ხართ, კარგად იყავით, ვის რაში სჭირდებით,-  ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. 

„პოლიტიკური კლასი ჩამოსაყალიბებელია, იმიტომ რომ ეს ფსევდოოპოზიციონერები - ვინც თამაშობს „ქართული ოცნების" თამაშს, თუნდაც ამნისტიის კანონი ვინც შემოიტანა - „გირჩი“. ერთი მხრივ „ოცნება" გვირტყამს და მეორე მხრივ, სინქრონში ეს „გირჩი", რომლებსაც ერთხელ ვურჩიე, რომ რაღაცების მოწევას, საფერავი დალიონ, გაკრეჭილები დადიან. შეეშვით ბანერების გამოდებას, ვითომ თქვენი მოფიქრებულია ამნისტიის კანონი. ეს ის ხალხია, ვინც ივანიშვილის დავალებას ასრულებდა - მთელი ქვეყანა მარიხუანას პლანტაციად უნდა გადაექციათ, დაგვავიწყდა ეს ყველაფერი? ეს ის ხალხია, რომლებმაც ქართველ ახალგაზრდებს უთხრეს, რომ რელიგია შეიცვალე და ჯარში არ წახვიდე. მე არ ვლაპარაკობ, რომ კარგი ჯარი გვაქვს, მთლიანად შესაცვლელია ჩვენი საჯარო სისტემა და ამის გამო ახალგაზრდას უთხრა, რწმენაზე უარი თქვი და გაგათავისუფლებთ ჯარისგან - ეს არის პოლიტიკური პარტია?! ახლა გამოდიან და ჩვენ ვითომ გვირტყამენ. გაიარეთ რა, თუ ძმები ხართ, კარგად იყავით რა, ვის რაში სჭირდებით? ვის რაში სჭირდება ასეთი პოლიტიკა? ეს ხომ „ქართული ოცნების“ გამხმოვანებელია. არ მინდოდა ამაზე კომენტარი, მაგრამ როდესაც ზღვარს გადადის, თან ამას არასერიოზული სახით აკეთებდე, ძალიან სასაცილოა. ვურჩევ, კიდევ ვიმეორებ, საფერავი არის კარგი დასალევი, სხვა რამეს შეეშვით", - ამბობს ხაზარაძე.