ჩვენთვის ძალიან მარტივი იყო გამოგვეთვალა, თუ რა იყო ინტერესი ამ მექანიზმის ამოქმედების უკან, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვითანამშრომლეთ ეუთო-ს ექსპერტთან, მივიღეთ საქართველოში, უმაღლეს დონეზე ვუმასპინძლეთ, ყველა მოთხოვნილი შეხვედრა გამართა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე საუბრისას.
მისივე თქმით, ეუთო-ს წარმომადგენელს მიაწოდეს ყველა მოთხოვნილი მასალა, რაც კი მას აინტერესებდა.
„ამ ვიზიტიდან სულ რაღაც ორ დღეში ეუთო-ს წარმომადგენელმა მოამზადა 90-გვერდიანი ანგარიში, რაც თავისთავად ბადებდა ეჭვს, თუ რამდენად შესაძლებელი იყო ფიზიკურად ამხელა მასალის, ამდენი ინფორმაციის გადამუშავება ორ დღეში. რა თქმა უნდა, ეს ბადებდა ეჭვს, რომ ეს იყო წინასწარ მომზადებული ანგარიში, წინასწარ მომზადებული დოკუმენტი“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.








