მაქვს განცდა, რომ დღეს ბრიუსელში ძალიან ნაკლებად არის ობიექტური რეალობის სწორად აღქმის და შეფასების შესაძლებლობები, ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს, ზოგადად, ვფიქრობ, ბრიუსელში სათანადოდ არ ხდება ყველაფრის გაანალიზება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ სტუმრობისას განაცხადა.
მისივე თქმით, ბრიუსელს სტრატეგიული ხედვა აკლია.
„ამ ფონზე სულაც არ არის გასაკვირი, რომ ბრიუსელის ბიუროკრატია საერთოდ ვერ ხვდება საქართველოსთან ურთიერთობების მნიშვნელობას. ბრიუსელს აკლია სტრატეგიული ხედვა. ამაზე თავად აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომაც არაერთხელ მიუთითა, მათ შორის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებშიც“, – განაცხადა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა შუა დერეფნის მნიშვნელობაზე ევროკავშირის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ინტერესების კონტექსტში.
„ევროკავშირს დღეს თავისივე ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის სჭირდება შუა დერეფნის განვითარება და სწორედ საქართველოს მონაწილეობით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამ პირობებში, როდესაც საქართველოსთან ურთიერთობისთვის ბრიუსელი კვლავ ირჩევს არა დიალოგის რეჟიმს, არამედ ზეწოლის ენას, რა თქმა უნდა, ეს არის სტრატეგიული შეცდომა, რასაც დღეს ბრიუსელში არსებული ბიუროკრატია უშვებს. წევრი ქვეყნების მხრიდან დამოკიდებულება და პოზიციების გაცნობიერება მეტად ხდება ამ სტრატეგიული საჭიროების, რაც არის საქართველოსთან დაკავშირებული. თუმცა, ვიცით, როგორია თავად ბრიუსელის დამოკიდებულება, დღევანდელი ევროკომისიის კომპოზიცია და დიდი მოლოდინები იქ ნამდვილად არ მაქვს“, – განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, საგარეო ურთიერთობების ნაწილში ევროკავშირის პოზიციებზე დიდ გავლენას ახდენს კაია კალასი.
„მნიშვნელოვანია, როდესაც კაია კალასი დიდწილად წყვეტს საგარეო ურთიერთობებში, როგორი პოზიცია უნდა დაიჭიროს ევროკავშირმა და არა თავად ევროკავშირის წევრი ქვეყნები. მაშინ, როდესაც, ერთი მხრივ, საუბარია სუვერენიტეტის აუცილებლობაზე და მისი წინ წამოწევის საჭიროებაზე, ხოლო, მეორე მხრივ, მესამე ქვეყნებთან ურთიერთობებს განსაზღვრავს კაია კალასი, ესეც გარკვეული ანომალიაა, რომელსაც დღეს ვხედავთ საგარეო პოლიტიკაში ბრიუსელის მხრიდან. რამდენიმე დედაქალაქშიც ვიმყოფებოდი და განსაკუთრებით აღსანიშნავია მათი ხმამაღალი დამოკიდებულება სწორედ ამ პრინციპებთან მიმართებით, როგორც ბუდაპეშტის, ასევე სლოვაკეთის. სლოვაკეთის ხელისუფლებაც საკმაოდ ხშირად საუბრობს სუვერენიტეტზე და ეს არის ის მნიშვნელოვანი დასაყრდენი, საიდანაც, შეიძლება ვიპოვოთ ამოსავალი წერტილი, თუ დღეს ბრიუსელში პრაგმატული პოლიტიკის განხორციელების შანსი კიდევ არსებობს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.









