დიასპორის მიმართ საქართველოს სახელმწიფოს დამოკიდებულების გათვალისწინებით, განსაკუთრებით სამწუხარო იყო გასულ წელს ის შემთხვევები, როდესაც დიასპორის ზოგიერთი წარმომადგენელი ჩართული აღმოჩნდა პროცესებში, რომლებიც ცალსახად არ ემსახურებოდა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების გაძლიერებას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტში, დიასპორის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროდ, ვიხილეთ ინციდენტები, რომლებიც საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების წინააღმდეგაც იყო მიმართული.
„ბუნებრივია, მსგავსი ფაქტები ჩვენი ყურადღების მიღმა ვერ დარჩება, მაგრამ, ამავე დროს, უნდა გვახსოვდეს, რომ უამრავი ადამიანი, რომელიც სამშობლოსგან შორს ცხოვრობს, იმედის თვალით შეჰყურებს სწორედ საქართველოს დიასპორულ პოლიტიკას და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მუშაობას საზღვარგარეთ. ჩვენი პოლიტიკის მთავარი მიზანია მაქსიმალური ჩართულობა და თანამშრომლობა დიასპორის წარმომადგენლებთან.
გასულ წელს სამინისტროში განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმა, მნიშვნელოვანი ცვლილებები შეეხო სამინისტროს სტრუქტურას. ამის ნაწილი იყო, რომ საკონსულო და დიასპორასთან ურთიერთობების სტრუქტურული ერთეული გაერთიანდა, გადაიხედა ზოგადად დიასპორული პროგრამების განხორციელების გზები. ეს ცვლილება იყო მნიშვნელოვანი გზავნილი თავად ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობებისთვისაც, რომ საკონსულო სამსახურები უფრო აქტიურად იყვნენ ჩართული დიასპორასთან ურთიერთობებში. სწორედ ისინი წარმოადგენენ საქართველოს სახელმწიფოს და დიასპორის დამაკავშირებელ ძირითად ინსტიტუციურ მექანიზმს. ზოგადად, დიასპორის და საკონსულო მიმართულების ერთ სივრცეში გაერთიანება ხელს შეუწყობს დიასპორასთან ურთიერთობების უკეთ კოორდინაციას, უფრო მჭიდრო კოორდინაციას, იმ საერთო ეროვნული ინტერესის განმტკიცებას, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ქართველებს სამშობლოსთან აკავშირებს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.









