მნიშვნელოვანი შეხვედრები ტარდება ლუქსემბურგში ევროკავშირის ლიდერების მონაწილეობით. ჩვენ გუშინ ვადევნეთ თვალი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას. ბატონმა ბორელმა, სხვა საკითხებთან ერთად, ისაუბრა საქართველოს შესახებ. ერთგვარად ჩამოთვალა, რა შეთავაზებები ჰქონდა წევრი ქვეყნების მიმართ საქართველოსთან მიმართებაში, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანი და საყურადღებოა ის დებატები, რომლებიც მიმდინარეობს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის და ის გადაწყვეტილებები, თუ კი ისინი მიღებული იქნება მომდევნო დღეებში, ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში. როგორც იცით, შარლ მიშელის მოწვევითა და ინიციატივით საქართველოს საკითხიც განიხილება მიმდინარე კვირაში. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ობიექტური მოცემულობების გათვალისწინებით გააკეთონ დასკვნები და იმსჯელონ საქართველოსთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან ხშირად გვესმის კითხვის ნიშნები საქართველოს კურსთან დაკავშირებით, რაც აბსურდულია და აბსოლუტურად უსაფუძვლოა მსგავსი საფუძვლით საქართველოს საკითხზე რაიმე დასკვნის გაკეთება და გადაწყვეტილების მიღება, თუკი ასეთი გზით მიდის ევროკავშირის ქვეყნების მსჯელობა. სამწუხაროდ, ამ ყველაფერს საფუძვლად დაედო კანონი, რომელიც საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარეა მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ და რომელიც ბრენდირებულია და მიწება რუსული კანონის სახელი, რასაც რაიმე განმარტება ან საფუძველი არ ჰქონია“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.