"ქართული ოცნება" ევრონესტის საპარლამენტო პლატფორმაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ ევროპარლამენტმა ევრონესტის პლატფორმა მეზობელ ქვეყნებზე შანტაჟის, საკუთარი ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგის იძულებით თავსმოხვევის იარაღად გადააქცია, შესაბამისად, ევროპარლამენტის ამ ძალების მხრიდან მტრული და ვიწრო პოლიტიკური მიდგომების გათვალისწინებით, საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობას არ მიიღებს ევრონესტის შემდგომ სესიებში.
მმართველი გუნდის სახელით განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ გუშინ გაავრცელა.
აქცენტი გაკეთდა საქართველოსადმი მიკერძოებული პოზიციებით ცნობილი ზოგიერთი ევროპარლამენტარის მიერ რეზოლუციის ტექსტში დამატებულ ჩანაწერებზე, რაც ქართული მხარის შეფასებით, კანონის უზენაესობის სტანდარტებს უგულებელყოფს და მიუღებელია ქართული საზოგადოებისთვის.
ოფიციალური თბილისი მოუწოდებს ევროპარლამენტს, პატივი სცეს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. თემაზე შეფასება უზბეკეთში ვიზიტისას გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
"ეს არ არის ერთგვარი კლასის დამრიგებლების გაერთიანება, რომ ასწავლონ მეზობელ ქვეყნებს, როგორ უნდა წარმართონ შიდა პოლიტიკა, რა სჭირდება, ამ შემთხვევაში, ქართველ ხალხს. ჩვენ გვყავს არჩეული ხელისუფლება, ეს არის დემოკრატიული ქვეყანა. ევრონესტის დელეგაცია ვერ მიუთითებს ქართველ ხალხს, რა მიმართულებით უნდა წაიყვანოს საკუთარი ქვეყნის განვითარება. ეს პლატფორმა არასდროს ყოფილა ამ მიზნით შექმნილი. არცერთ მის დოკუმენტში არ წერია, რომ ევრონესტი იმისთვის იყო შექმნილი, მეზობელ ქვეყნებთან ასეთი დამოკიდებულება ყოფილიყო ევროპარლამენტის დელეგაციის მხრიდან. სამწუხაროა, როგორ განვითარდა მუშაობა. ამ პლატფორმას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან უკვე ძალიან ბევრი ქვეყანა აკლია. საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილება არის სწორი. გამომდინარე იქიდან, რომ პლატფორმა, რომელიც შექმნილია თანამშრომლობისთვის და ამ მიზანს აღარ ემსახურება, ვერ იქნება საინტერესო ჩვენთვის", – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.




