ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს სახელით „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობის მიღება. მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელსაც რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში უწევს უსაფრთხოების გამოწვევებსა და რისკებთან გამკლავება და რომელმაც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ომისა და კონფლიქტის უმძიმესი შედეგები საკუთარ თავზე გამოსცადა, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „პარიზის მშვიდობის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი დისკუსიის მთავარ თემას წარმოადგენს ბავშვები – კონფლიქტების უდანაშაულო მსხვერპლნი, რომელთა არჩევანიც ეს არ ყოფილა. მინისტრის განცხადებით, მათი უფლებების დაცვა, ღირსების პატივისცემა და მომავალი უნდა იყოს უზრუნველყოფილი.
„ეს გულისხმობს არა მხოლოდ ფიზიკური უსაფრთხოების დაცვას, არამედ მათი ფსიქოსოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფასაც, რათა მათ შეძლონ კონფლიქტების შედეგად მიყენებული ზიანის დაძლევა, რეაბილიტაცია და განვითარება. ამაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ცალკეულ ქვეყნებს ვერ დაეკისრება. ეს ყველა ჩვენგანის საერთო პასუხისმგებლობაა. საქართველომ საკუთარი გამოცდილებით იცის, რომ კონფლიქტის შედეგები საომარი მოქმედებების შეწყვეტასთან ერთად არ სრულდება. კონფლიქტის შედეგები აღემატება ნგრევასა და ადამიანურ დანაკარგს, აისახება თაობებზე და ადამიანთა ცხოვრებაზე ხანგრძლივ კვალს ტოვებს. ეს არ არის ჩვენი ისტორიის მხოლოდ ცალკეული მონაკვეთი. რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის შედეგები დღემდე აისახება ბავშვების ცხოვრებაზე, რომელთა ფუნდამენტური უფლებების სერიოზული შეზღუდვები კვლავაც მათი ყოველდღიური რეალობის განუყოფელი ნაწილია. ბავშვებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვა და რუსულენოვანი განათლების იძულებით თავს მოხვევა ხელყოფს არა მხოლოდ მათი განათლების უფლებას, არამედ საფრთხეს უქმნის მათ იდენტობას, კულტურასა და საკუთარ ქვეყანასთან კავშირს. სწორედ ამიტომ, კონფლიქტის პირობებში ბავშვთა დაცვა უნდა განვიხილოთ არა მხოლოდ როგორც ჰუმანიტარული აუცილებლობა, არამედ როგორც ადამიანის უფლებების დაცვის, უსაფრთხოებისა და მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფის ფუნდამენტური საკითხი. ბოლო ათწლეულის განმავლობაში კონფლიქტის თავიდან აცილება და მშვიდობის შენარჩუნება საქართველოს უმთავრეს ეროვნულ პრიორიტეტს წარმოადგენდა, რამაც ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობა მისცა, ძალისხმევა განვითარებისკენ, მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებისა და მომავალი თაობებისთვის უკეთესი მომავლის შექმნისკენ მიემართა. ჩვენმა გამოცდილებამ კიდევ უფრო განამტკიცა რწმენა, რომ მშვიდობა ბრძოლის არარსებობაზე ბევრად მეტია. მშვიდობა ქმნის პირობებს საზოგადოების განვითარებისთვის – განათლებაში, ჯანდაცვასა და სოციალურ მომსახურებებში ინვესტირების, ტექნოლოგიური ინოვაციების ხელშეწყობის და ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის წარმატების მიღწევისა და საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზების შესაძლებლობის უზრუნველყოფით. ჩვენი მიზანია, ეს შესაძლებლობები ხელმისაწვდომი გავხადოთ თითოეული ბავშვისა და ახალგაზრდისთვის, მიუხედავად მათი საცხოვრებელი ადგილისა თუ მათ წინაშე არსებული გარემოებებისა. თუმცა, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ეს კვლავ განუხორციელებელ მისწრაფებად რჩება. ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს მთავარ ჭეშმარიტებას: მოუგვარებელი კონფლიქტების ფასი მხოლოდ ტერიტორიული დაყოფითა თუ პოლიტიკური უთანხმოებებით არ განისაზღვრება. ეს ასევე უნდა შეფასდეს ადამიანური დანაკარგით, დაკარგული შესაძლებლობებითა და მთელი თაობისთვის წართმეული მომავლით“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოსთვის მშვიდობა არჩევანია, რომელსაც განსაზღვრავს როგორც ჩვენი ისტორიული გამოცდილება, ისე ჩვენს რეგიონში არსებული კონფლიქტები და უსაფრთხოების გამოწვევები, თუმცა მშვიდობის შენარჩუნება ერთგულებას, მტკიცე ნებასა და საერთო პასუხისმგებლობას მოითხოვს.
„დღეს ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, უზრუნველვყოთ, რომ მშვიდობა მხოლოდ მისწრაფებად არ დარჩეს, არამედ მომავალი თაობებისთვის იქცეს რეალობად, რომელშიც თითოეულ ბავშვს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ექნება შესაძლებლობა, გაიზარდოს უსაფრთხო გარემოში, ისარგებლოს საკუთარი უფლებებით და ჰქონდეს უკეთესი მომავლის შექმნის შესაძლებლობა“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.









