„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით. ჩინეთსა და საქართველოს შორის ბოლო პერიოდში განვითარებული ურთიერთობები, სტრატეგიულ დონეზე ჩვენი ურთიერთობების აყვანა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის,“ - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, ჩინეთიდან ამ რანგის სტუმრის საქართველოში ვიზიტი უმაღლეს დონეზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დინამიკის, არსებული შესაძლებლობებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივების განხილვის შესაძლებლობას იძლევა.

 „აღსანიშნავია, რომ ამ რანგის სტუმარი საქართველოში პირველად იმყოფება ჩინეთიდან და რა თქმა უნდა, ეს საუკეთესო შესაძლებლობას მოგვცემს იმისათვის, რომ უმაღლეს დონეზე განვიხილოთ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების დინამიკა, შესაძლებლობები, პოტენციალი, რომელიც არსებობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში, განსაკუთრებით ეკონომიკური კუთხით ურთიერთობების განვითარებისთვის. ეს მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაძლიერებაზე და გაღრმავებაზე სხვადასხვა მიმართულებით,“ - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს პრეზიდენტთან, ასევე დაგეგმილია შეხვედრა ბიზნესსაზოგადოებასთან.

 „ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საქართველოს პრეზიდენტთან, ასევე ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ ბიზნესსაზოგადოებასთან ერთად ვისაუბროთ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, განვითარების შესაძლებლობებზე და ესეც საქართველოში უმაღლესი დონის ვიზიტის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში,“ - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.