არ ხდება არც ერთი შესაძლებლობის ხელიდან გაშვება, რომ ეს საკითხი გამოყენებული იყოს სწორედ პოლიტიკური სპეკულაციებისთვის და ერთგვარი, დაწერილი სცენარის ნაწილია, თუ როგორ შეიძლებოდა, მოეხდინათ გავლენა ქართულ საზოგადოებაზე, - განაცხადა „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ ევრობიუროკრატიის მუქარაზე საუბრისას.
„ისინი მხოლოდ აქ ხედავენ დასაყრდენს, თუკი ევროკავშირის მხრიდან მაქსიმალური ზეწოლის ბერკეტები იქნება გამოყენებული არა „ქართულ ოცნებაზე“, არა საქართველოს ხელისუფლებაზე, არამედ ქართულ საზოგადოებაზე’, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ქართულ მხარეს მიეცა შესაძლებლობა, ბრიუსელში, ევროკომისიის წარმომადგენლებთან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ტექნიკურ შეხვედრაზე საკუთარი პოზიცია გაეჟღერებინა.
„არის საკითხები, რომლებიც უფრო უკეთ განსამარტად, რა თქმა უნდა, მოითხოვს მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგს, რაც ამ დროისთვის, ვიცით, რომ ევროპული მხარის გადაწყვეტილებით, შეჩერებულია“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
უკრაინაში ომის პარალელურად საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის ინტერესთან დაკავშირებით კი მინისტრი აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ იყო ის ძალა და ხელისუფლება, რომელიც ამ დათმობაზე არ მიდიოდა და საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაზიანებლად არაფერს გააკეთებდა.
„შესაბამისად, ყველაზე ოპტიმალური იქნებოდა „ქართული ოცნების“ ნებისმიერი გზით შეცვლა და სხვა ძალით ჩანაცვლება, რომელიც გარებრძანებების მორჩილი იქნებოდა. სწორედ ამიტომ გამოიყენება ასეთი ზეწოლები“, - აცხადებს ვიცე პრემიერი.












