პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ კონკურსის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
პროექტი „განათლება მწვანე მომავლისთვის“ მიზნად ისახავს სკოლამდელი აღზრდისა და დაწყებითი საფეხურის პედაგოგების მხარდაჭერასა და წახალისებას, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ბავშვებში გარემოსდაცვითი და აგრარული ცნობიერების ჩამოყალიბებაში.
„მომავალი თაობების გარემოსდაცვითი ცნობიერების ჩამოყალიბებაში, მშობლებთან ერთად, განსაკუთრებული როლი მასწავლებლებს ეკისრებათ. დღეს, როდესაც გარემოს დაცვა, მდგრადი განვითარება და გლობალური გამოწვევები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, გარემოსდაცვითი განათლების მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება. მადლობა თითოეულ მასწავლებელს და განათლების სფეროს წარმომადგენელს ამ მნიშვნელოვანი მისიის ერთგულად შესრულებისთვის. საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სახელით, მზადყოფნას გამოვხატავთ, მომავალშიც აქტიურად დავუჭიროთ მხარი გარემოსდაცვითი განათლების ხელშემწყობ ინიციატივებს, ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ პროექტებსა და იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ამ სფეროს განვითარებას შეუწყობს ხელს", - განაცხადა მაია ბითაძემ.
2026 წლის კონკურსში 6 გამარჯვებულს სერტიფიკატები და სპეციალური პრიზები გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით გადამზადებულია 4 000-მდე სკოლამდელი აღზრდის პედაგოგი და 8 000-მდე დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი.
დაჯილდოების ცერემონია გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა და მას საქართველოს პარლამენტის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მუნიციპალიტეტებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




