პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე საქართველოსადმი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან რიტორიკის ცვლილებას გამოეხმაურა.

როგორც დეპუტატმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ აღნიშნა, ტალღამ, რომელსაც ერქვა - „ყველა საქართველოს წინააღმდეგ“ უკვე გადაიარა.

„რამდენიმე წელია ვიძახით, რომ შესაძლებელია ევროკავშირს საქართველო იმაზე მეტად სჭირდებოდეს, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი და ამასთან დაკავშირებით იყო ძალიან ნეგატიური და შეურაცხმყოფელი გამოხმაურებები რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. აქ არის საუბარი მარტივ გეოგრაფიაზე და იმ ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე, სადაც რეგიონი პრაქტიკულად ორ ცეცხლშუა არის გახვეული და სადაც ევროკავშირი დგას გამოწვევის წინაშე, რასაც ენერგეტიკული დაძაბულობა და კრიზისი ჰქვია. იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირმა უკვე საუბარი დაიწყო ბირთვული ენერგიის აღდგენაზე და ამის გარკვეულწილად მცდელობებია, ჩვენ ვხედავ, როგორც საჯაროდ, ასევე ძალიან აშკარა რიტორიკის ცვლილებას დახურულ კარს მიღმაც. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ იმ ტალღამ, რასაც ერქვა - „ყველა საქართველოს წინააღმდეგ“ გადაიარა და გადაიარა ერთი მარტივი მიზეზის გამო, ყველამ კარგად გაიგო, რომ ეს იყო ერთი დიდი შეთხზული სიცრუე, სადაც საქართველო იყო გამოყვანილი შეფასების მხრივ, როგორც ლიდერი სახელმწიფო და მეორე, პოლიტიკური რიტორიკის თვალსაზრისით, როგორც ანტიდემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც არასწორ გზაზე დგას. ევროკავშირს უკვე გაცხადებულად აქვს ნათქვამი, რომ შავი ზღვის კაბელი არის ორმხრივი ინტერესი.

ჩვენ ძალიან კარგად ვიაზრებთ იმას, რომ საქართველო ეს არის ერთადერთი გზა, გეოგრაფიული მდებარეობა, რომელსაც შეუძლია დააკავშიროს აზიური სახელმწიფოები ევროკავშირთან და მათ შორის, უზრუნველყოს ევროკავშირი ენერგეტიკული უსაფრთხოებითა და დამოუკიდებლობით. ეს ბუნებრივია საქართველოსთვის არის შანსი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს რიტორიკა კიდევ უფრო შეიცვლება“,- აღნიშნა ბითაძემ.