რაც არ უნდა მისტიკური დროშის ტარებით შეიარაღდნენ ჩვენი რადიკალები და დაგვიანონსონ მისტიკური მშვიდობიანი დამხობა 4 ოქტომბერს, ბუნებრივია, ეს ყველაფერი წყალში ჩაყრილი და გადაყრილი სიტყვებია, - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
"ბუნებრივია, რა მდგომარეობაშიც დღეს ჩვენი ოპოზიციური ფლანგი იმყოფება, რადიკალების გათვალისწინებით, მთლიანად გამჭვირვალეა სიტუაცია, რა ხდება მათ ფლანგზე და როგორი ჩამოშლილია უგეგმო ოპოზიცია, რომელთაც ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ თუ არ მიიღებენ, ქუჩაში გამოვლენ თუ არ გამოვლენ, ეს ყველაფერი არის განწირული და ისინი წაგებულები არიან, როგორც ქუჩაში, ასევე, საარჩევნო ყუთთან. შესაბამისად, ერთი მხარეა, რომ მისტიკურად და ხუმრობით შევხედოთ ამ ყველაფერს, მაგრამ მეორე არის უფრო სერიოზული მდგენელი, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერზე არიან წამსვლელები," - განაცხადა მაია ბითაძემ.